ახალი ამბები

მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელები დააკავეს

Tags

დაახლოებით ერთი კვირის წინ, რუსთავში, დამამძიმებელ გარემოებებში მოკლული 35 წლის მოქალაქის დ.მ.-ის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი, მათ შორის, ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი დააკავა, რომლებმაც, ოფიციალური ინფორმაციით, დ.მ.-ის მკვლელობაში მონაწილე ორ პირს დანაშაულის შესრულებაში დახმარება გაუწიეს.

მკვლელობაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია. მეორის დაკავების მიზნით კი, აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. საქმეზე ასევე დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენების მიცემაში ედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი და ყოფილი პოლიციელებისგან შემდგარმა ჯგუფმა მოკლულ დ.მ.-ს თბილისის ტერიტორიაზე უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, ჩაიყვანა რუსთავში და მკვლელებს გადასცა. ამ უკანასკნელებმა, დანაშაულის კვალის დამალვის მიზნით, ცივი იარაღით მოკლული დ.მ.-ის გვამი მდინარე მტკვარში გადააგდეს. მდინარემ გვამი 5 ოქტომბერს გამორიყა.

უწყებაში საქმის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, შსს-ს თანამშრომლებს კავშირი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდათ და მათ დავალებებს ასრულებდნენ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მოკლული დ.მ. კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ პროკურატურის „ოქროს მოწმე“ იყო, მოწმეთა დაცვის პროგრამაში მონაწილეობდა და მას, უსაფრთხოების მიზნით, სახელი და გვარი ჰქონდა შეცვლილი. „მთავარი არხის“ თანახმად, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა დ.მ.-ის მოკვლის ბრძანება მას შემდეგ გასცეს, რაც მისი ვინაობა გაშიფრეს. ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრები მოკლულ დ.მ.-ს ე.წ. „ობშიაკის“ მითვისებას ედავებოდნენ.

აღნიშნული ტელეკომპანიები, წყაროებზე დაყრდნობით, იმასაც იტყობინებიან, რომ ყოფილმა და მოქმედმა სამართალდამცველებმა, რომლებმაც მკვლელებს დახმარება გაუწიეს, შესრულებული დავალებისთვის ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებისგან სოლიდური თანხაც აიღეს.

მოქმედ და ყოფილ პოლიციელებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ. მათ, საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირთან ერთად, დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button