skip to content
ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია ბაქოში შეიკრიბა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა. მხარეებს საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ლაშა დარსალია და ხალაფ ხალაფოვი ხელმძღვენელობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხები და ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთი დეტალურად განიხილეს. „მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე, ექსპერტების დონეზე. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა დაშეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის შემდეგი სხდომა თბილისში გაიმართება და მისი თარიღი დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.

25 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ექსპერტების ვიზიტები კომისიას ორივე მხარისთვის ხელსაყრელი და მისაღები გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

იგი აზერბაიჯანული მხარის მიერ კომისიის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მდებარე სადავო ტერიტორიის მახლობლად მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მართალია, სამუშაოები აზერბაიჯანულ მხარეს მიმდინარეობს, თუმცა ქართულმა დელეგაციამ კოლეგებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ „სრულყოფილი ინფორმაციის“ მიწოდება მაინც მოსთხოვა.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სასურველია და მნიშვნელოვანია, რომ თავი შევიკავოთ ნებისმიერი ისეთი ნაბიჯისგან, რომელმაც შეიძლება შექმნას აღქმა, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს-კვო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დღეისათვის დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებულია.

„მიგვაჩნია, რომ გადაადგილების საკითხი იქნება, თუ საინჟინრო სამუშაოების წარმოება, თუნდაც აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სანამ არ დასრულდება მოლაპარაკებების პროცესი, არ უნდა იყოს განხორციელებული“, – განაცხადა დარსალიამ.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს. მონასტრამდე მისასვლელი გზა, ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა. თუმცა, აქტივისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადგილზე საპროტესტო აქცია მაინც გამართეს და სადავო მონაკვეთზე საქართველოს უფლებას გაუსვეს ხაზი.

დავით გარეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button