skip to content
ახალი ამბები

ქართველმა და აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი განიხილეს

ქართველმა და აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა დღეს დავით გარეჯის სადავო სასაზღვრო მონაკვეთთან შეხვედრა გამართეს და 14 ივლისს ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 14 ივლისს, ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი, სადავო ტერიტორიაზე მდებარე უდაბნოს მონასტრის კელიებიდან ხატები გამოიტანეს და ქართველ მესაზღრეებს გადასცეს. ადგილობრივების უკმაყოფილება სწორედ ამას მოჰყვა. ისინი ხატების უკან დაბრუნებას შეეცადნენ.

დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს ინციდენტის თაობაზე აზერბაიჯანული მხარისგან მიღებული განამარტებები გააცნო. კუპატაძის თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეება განაცხადეს, რომ კელიებში მოთავსებული ხატები წვიმისა და ქარის დროს ზიანდებოდა. მათივე განმარტებით, იმისათვის, რომ ხატების დაზიანება აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს არ დაბრალებოდათ, ქართველი კოლეგებისთვის ხატების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.  

ქართველმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა დღესვე საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვის საკითხიც განიხილეს. თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა რამდენიმე დღეს გაგრძელდება. „უახლოეს დღეებში სიტუაცია დაუბრუნდება ძველ რეჟიმს და მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გუშინდელ დღემდე გადაადგილდებოდნენ“, – დასძინა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით დაადასტურა, რომ 14 ივლისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე „ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს“, თუმცა უწყების განმარტებით „ვითარება დროულად განიმუხტა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ინციდენტის შესწავლა დაიწყო და სამოქალაქო ჯგუფებს მოუწოდა, საზღვრის დელიმიტაციის კომისიას „მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა“ მისცენ, რათა შეთანხმების მიღწევა „დროულად“ მოხდეს.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს.

მონასტრამდე მისასვლელი გზა, ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა. თუმცა, აქტივისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადგილზე საპროტესტო აქცია მაინც გამართეს და სადავო მონაკვეთზე საქართველოს უფლებას გაუსვეს ხაზი.

მომხდარის შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის განახლებული სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად 14 მაისს შეიკრიბა. ორ ქვეყანას შორის საზღვრის სადელიმიტაციო საკითხებზე კომისიამ კიდევ ერთხელ 23-24 მაისს ბაქოში იმსჯელა.

28 მაისს საზღვრის სადავო მონაკვეთთან ვითარება კვლავ დაიძაბა და მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპარქიის სასულიერო პირებმა, მათმა მრევლმა, რიგითმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 2/3 შეთანხმებულია. შეუთანხმებელია საზღვრის 1/3, სწორედ ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button