skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა შალელაშვილმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ შალელაშვილს მედიისთვის განმარტება არ გაუკეთებია.

შოთა შალელაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრი იყო, რომელიც მან 2019 წლის მარტში დატოვა და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ მას შემდეგ შეუერთდა, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული უთანხმოების გამო მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

პარლამენტში შალელაშვილს, სავარაუდოდ, პარტია „ქართული ოცნების“ სიის რიგითობის მიხედვით მომდევნო წევრი, ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას, არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და დასკვნას პარლამენტის ბიუროს გადასცესმს. ამის შემდეგ, ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომაზე იღებენ.

ანალოგიური პროცედურის დაცვით მოხდება შალელაშვილის შემცვლელი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაც.

შოთა შალელაშვილი ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოდიოდა. მან გასული წლის აპრილში პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატებთან ურთიერთობა შესაცვლელი აქვს“. მისი განმარტებით, კობახიძეს კომუნიკაცია მხოლოდ რამდენიმე დეპუტატთან ჰქონდა, დანარჩენები კი „უფუნქციოდ“ იყვნენ.

შოთა შალელაშვილმა 2017 წლის დეკემბერში მაშინდელ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა და აშშ-ს მსგავსად იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა. ამ მოწოდების საპასუხოდ პრემიერმა კვირიკაშვილმა დეპუტატს უსაყვედურა და განაცხადა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების მიწერა „მიუღებელი ფორმა“ იყო

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button