ახალი ამბები

საგარეო უწყება ცხინვალის მიერ ე.წ. „საზღვრის ნიშნის“ აღმართვით შეშფოთებულია

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული „უკანონო და პროვოკაციული“ მოვლენების ფონზე, საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის ნიშნის“ განთავსებისა და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოს დაწყების გამო, „განაკუთრებულ შეშფოთებას“ გამოხატავს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 სექტემბრის განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს „მიზანმიმართული“ ქმედებები პროცესთა ერთიანი ჯაჭვია, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქართულმა მხარემ ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს. სამინისტრო ამბობს, რომ აღნიშნული „ფუჭი მცდელობა“ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია და რომ „შიდა ადმინისტრაციული საზღვარი არ საჭიროებს არავითარ დაზუსტებას“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა (KGB) 5 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სასაზღვრო სამსახურის“ ჯგუფმა გამყოფი ხაზის ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე, სოფელ წნელისთან პოზიციების გამაგრება დაიწყო. ე.წ. უშიშროების კომიტეტის თქმით, ოსი „მესაზღვრეები“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან გამყოფ ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის გამოც, რაც უწყების შეფასებით, „უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სრულ იზოლაციაში აქცევს ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას ამწვავებს“.

„მსგავსი ნაბიჯები იწვევს მხოლოდ ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იქვე აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების“ თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

საგარეო უწყება საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.

ამასთან, სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმს, პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, მოლაპარაკებების ფორმატში „კონსტრუქციული“ მონაწილეობის მიღებისკენაც მოუწოდებს, იქნება ეს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“, თუ მის ფარგლებში მოქმედი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ შეხვედრები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიიღოს ქმედითი ზომები ვითარების განმუხტვისათვის. სამინისტრო რუსეთს ასევე მოუწოდებს, შედეგზე ორიენტირებული ჩართულობით, ხელი შეუწყოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას.

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს და მათ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და დესტრუქციულ ნაბიჯებზე სათანადო რეაგირებისა და ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

რუს ოკუპანტებთან მოთანამშრომლე ცხინვალის რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან გამყოფი ხაზის ჩაკეტვას 7 სექტემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგიც გამოეხმაურა. დანიელი დიპლომატის თქმით, ოძისის გამშვები პუნქტით, რომელსაც, ჩვეულებრივ, ყოველდღიურად 400 მოქალაქე გადაკვეთს ხოლმე, დღეს ვერავინ ისარგებლა. ერიკ ჰოგმა თქვა, რომ პუნქტი ცხინვალს 5 სექტემბრიდან მოყოლებული „მკაფიო ახსნა-განმარტების“ გარეშე აქვს ჩაკეტილი. დანიელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ოძისის ჩაკეტვა უარყოფითად მოქმედებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეთა ცხოვრებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button