ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადერს უმასპინძლა

4-6 სექტემბერს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი. ადერი 5 სექტემბერს ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია გამართეს. „მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ადერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის, ასევე განათლების, კულტურის, სავაჭრო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისათვის“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, ტრადიციულად, ოკუპირებული ტერიტორიები, საოკუპაციო ხაზთან არსებული სიტუაცია და „კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის საკითხი იყო“.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ არსებული ფორმატის განახლების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„ჩვენ გვჭირდება ჟენევის ფორმატის განახლება, გაძლიერება იმისთვის, რომ იქ დაიწყოს ნამდვილი პოლიტიკური მოლაპარაკება, რომელიც მიმართული იქნება ამ სიტუაციის გადაწყვეტისკენ და ესკალაციის მოხსნისკენ“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებზეც იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქართველი სტუდენტებისთვის არსებული პროგრამების გაძლიერებას მიესალმება, რადგანაც „ამ გზით ქართველი სტუდენტები ნამდვილ ევროპულ გამოცდილებას იღებენ“.

ზურაბიშვილისვე თქმით, უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იაფი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის, როგორც ტურიზმის წახალისების ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტის შესახებაც ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა. მოგვიანებით, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოს ლიდერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდა და საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელი ოძისიც მოინახულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button