skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყება დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული პრობლემატიკა კვლავ დღის წესრიგშია.

სამინისტროში 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განმარტა, რომ 14 ივლისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მომხდარი დაპირისპირება „ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივმა და მყისიერმა ქმედებებმა“ განმუხტა.

„აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, ტურისტებისა და მრევლის გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

ლაშა დარსალიასვე განმარტებით, ინციდენტამდე ადგილზე მიმოსვლა შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა. „ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დარსალიას თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ და ორი ქვეყნის შესაბამისი კომისიის მუშაობაში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის 23-24 მაისს, ბაქოში, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები გარკვეულ სამუშაოებს ადგილზე ჩაატარებდნენ. დარსალიას ცნობით, ექსპერტების პირველი შეხვედრები 19-23 აგვისტოსაა დაგეგმილი.

გარეჯის საკითხს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, „ორ მეგობარ“ ქვეყანას შორის საზღვრების დადგენის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივად მიიღეს.

„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კომისიას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, იმის ილუზია, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, არავის აქვს, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ქართული მხარის განმარტებები ანტი-საოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ქაცარავას მიერ 29 ივლისს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. ქაცარავა წერდა, რომ 14 ივლისს დავით გარეჯში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „საბოლოოდ დაიკეტა ჩიჩხიტურის ტაძართან მისასვლელი გზა და კიბეებთან მდებარე მინდორი, ასევე აღდგომისა და უდაბნოს ტაძრებთან მისასვლელი ბილიკები. გამძაფრდა აზერბაიჯანელების მხრიდან განცხადებების შინაარსი“.

მისივე თქმით, მომხდარიდან ორი კვირის თავზე არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ „აზერბაიჯანელებმა მეორე ბაზა გახსნეს სასწრაფო რეჟიმში და ქედზე მესაზღვრეების რაოდენობა მინიმუმ გაასამმაგეს, მაშინ როდესაც ჩვენი მესაზღვრეების რაოდენობა ნამდვილად არ გაზრდილა“.

დღეს მედიასთან კომენტარი გარეჯის მონასტრის მორჩილმა ზაზა ტატუნაშვილმაც გააკეთა და განმარტა, რომ აღდგომის ტაძართან მისასვლელი ქედი ახლა უკვე არა მხოლოდ მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, არამედ სასულიერო პირებისთვისაც შეზღუდულია.

„თავიდან ჩიჩხუტურის მონასტერზე ასვლა იყო აკრძალული, შემდეგ დაიწყეს უდაბნოს მონასტრის დაკეტვები პერმანენტულად და ახლა რამდენიმე თვეა უკვე მთლიანად დაკეტილია. მოლაპარაკებები შეიძლება მიმდინარეობს, მაგრამ ამ მოლაპარაკების შედეგები ჯერჯერობით კარგი არაფერი არ არის. ქართველ მესაზღვრეებს ამ წუთას აქვთ ბრძანება, რომ ქედამდეც არავინ აუშვან, მათ შორის, ჩვენც“, – განაცხადა მან.

ამბის წინაისტორია

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს.

მონასტრამდე მისასვლელი გზა, ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა. თუმცა, აქტივისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადგილზე საპროტესტო აქცია მაინც გამართეს და სადავო მონაკვეთის საქართველოს კუთვნილებაზე გაუსვეს ხაზი.

მომხდარის შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის განახლებული სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად 14 მაისს შეიკრიბა. ორ ქვეყანას შორის საზღვრის სადელიმიტაციო საკითხებზე კომისიამ კიდევ ერთხელ 23-24 მაისს ბაქოში იმსჯელა.

28 მაისს საზღვრის სადავო მონაკვეთთან ვითარება კვლავ დაიძაბა და მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპარქიის სასულიერო პირებმა, მათმა მრევლმა, რიგითმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 2/3 შეთანხმებულია. შეუთანხმებელია საზღვრის 1/3, მათ შორის, სწორედ ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button