skip to content
ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გარშემო კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების გარშემო, რასაც ტელეარხის მფლობელისა და ხელმძღვანელობის შეცვლა მოჰყვა, კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

არხის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტელეარხის მესაკუთრის ცვლილება არ უნდა გაეფორმებინა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს მეხუთე სექციის მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში საბოლოოდ არ შევიდოდა.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა ორი წლის განმავლობაში მოქმედი დროებითი ღონისძიება, რომლითაც ქიბარ ხალვაშისთვის „რუსთავი 2“-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის მარტში გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო (დროებითი ღონისძიება გამოყენებული იყო სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად).

იმავე დღეს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოებს, „რუსთავი 2“-ის კუთვნილებასთან დაკავშირებულ დავაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაურღვევიათ.

ნიკა გვარამიამ 23 ივლისს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილების ბეჭდურ ვერსიას თან „მიწერილობა“ ახლავს, რომლის მიხედვითაც, მეხუთე სექციის „გადაწყვეტილება საბოლოო არა არის“ და ძალაში 19 ოქტომბერს, გასაჩივრების სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შედის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მანამდე მხარეები ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში არ გაასაჩივრებენ.

იგივე გაიმეორა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმაც. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება შესაძლებელია, იუსტიციის სამინისტრომ წილებზე ქიბარ ხალვაშის უფლება და ახალი გენერალური დირექტორი რამდენიმე საათში დაარეგისტრირა.

„ეს მოხდა გამიზნულად, რათა ძალიან მალე გადასულიყო „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის ხელში და რეალურად ამის უკან „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზანი დგას“, – განაცხადა მან. საძაგლიშვილმა განმარტა, რომ ამით იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამრთლო მომავალი შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას შეუშალა ხელი, რაც „არ არის სწორი და მიზანშეწონილი“.

გვარამიას განცხადების საპასუხოდ, დღესვე, ტელეკომპანიის ოფისში ბრიფინგი „რუსთავი 2“-ის უკვე ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გამართა, სადაც განმარტა, რომ ხალვაშის მიერ წილების გადაფორმება იყო „აბსოლუტურად სწორი და კანონიერი“ და ვერავინ მიუთითებს იმაზე, რომ ამ კუთხით რომელიმე საკანონმდებლო ნორმა დაირღვა.

„არანაირი საფუძველი იმისა, რომ [საქართველოს უზენაესი სასამართლოს] გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო, არ არსებობდა. ეს არის ცალსახა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების ადგილი თითქმის არ არის დარჩენილი“, – განაცხადა მან.

ნიკა გვარამიას განცხადებას იუსტიციის სამინისტროში დღეს ასევე განცხადებით უპასუხეს. უწყებაში განმარტეს, რომ წერილში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთვის, აღნიშნულია, რომ პალატამ მოცემულ საქმეზე რეგლამენტის 39-ე მუხლის (შეჩერების მექანიზმი) შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გაუხსნა გზა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის მარტში „რუსთავი 2“-ის კუთვნილებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს იუტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ბექა ძამაშვილმა კი განმარტა, რომ „სახელმწიფო რეგისტრაციაზე უარს ვერანაირი საფუძვლით ვერ ეტყოდა [ხალვაშს]“. „ის, რომ [მესაკუთრის და ხელმძღვანელის ცვლილების რეგისტრაცია] ერთ დღეში მოხდა, დაჩქარებული წესია და ათასობით ასეთი პრეცედენტი არსებობს, როდესაც ასე ხდება“, – განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

მესაკუთრეების ცვლილების შესახებ რეგისტრაციაში დარღვევას ვერც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხედავს. „შეიძლება ვთქვათ, რომ უმჯობესი იყო საბოლოო გადაწყვეტილება მიეღოთ [მხარეებს] და გვენახა რა პოზიცია ჰქონდა მათ შორის დიდ პალატას, თუმცა დროებითი ღონისძიების ნაწილში გადაწყვეტილება ისედაც არ საჩივრდება და ის ამ ნაწილს არ შეაჩერებდა“, – განმარტა მან.

18 ივლისს, სტრაბურგის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, იმავე დღეს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს 2015 წელს მიმართა, სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრს წილებს გადაფორმების მოთხოვნით მიმართა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია სწორედ მას მიაკუთვნა. უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის მიერ დროებითი ღონისძიების საფუძველზე იყო შეჩერებული.

წილების გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა იმავე დღეს საჯარო რეესტრს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ცვლილების მოთხოვნითაც მიმართა და ამ პოსტზე ნიკა გვარამიას ნაცვლად, მისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button