skip to content
ახალი ამბები

რუსული მედიის აზრით, არეულობები თბილისში ოპოზიციის მიერ იყო დაგეგმილი

გასულ ღამეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის თბილისში მომხდარ შეტაკებებს აქტიურად აშუქებს რუსული მედია. კრემლის მიერ მართული მედიის საერთო აზრით, საქართველოს დედაქალაქში მომხდარი არეულობების მიზეზი, შესაძლოა, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ოპოზიციის მიერ წინასწარ მომზადებული გეგმები ყოფილიყო.

ქვემოთ მოცემულია ნაწყვეტები რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების დღევანდელი ახალი ამბებიდან:

1 არხი – მოვლენები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას წააგავს. დემონსტრანტების ბრბო გასული ღამით თბილისში პარლამენტის აღებას ცდილობდა. მოითხოვდნენ პარლამენტის სპიკერისა და შს მინისტრის გადადგომას და საარჩევნო სისტემის შეცვლას. ხელისუფლების რეაქცია იყო მკაცრი – წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ცრემლმსადენი გაზი. დაშავებულთა რაოდენობა ორივე მხრიდან ათეულობითაა. მიუხედავად ამისა, დემონსტრანტები გაჩერებას არ აპირებენ. ბრბოს რუსოფობიური ლოზუნგებით აქეზებენ, რის საბაბადაც თბილისში ჩვენი დელეგაციის ვიზიტს იყენებენ.

არეულობების მონაწილეებს უცხოეთიდან ტაშს უკრავს მიხეილ სააკაშვილი და მათ მმართველი პარტიის ლიდერის მოშორებისკენ მოუწოდებს. დამთხვევაც ასეთია – ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც პრეზიდენტიც და პარლამენტის თავმჯდომარეც ქვეყნიდან გასულები არიან.

საქართველოს შსს-მ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. რუსული დელეგაციის ვიზიტი, შესაძლოა, მასობრივი არეულობების მოსაწყობად მხოლოდ საბაბად იყო გამოყენებული. საქართველო კვლავ რევოლუციის ზღურბლზე დგას, ისევე როგორც 16 წლის წინ.

НТВ – სერგეი გავრილოვი: „რადიკალებმა პარლამენტი დილით დაიკავეს დილით და ჩვენი დაგეგმილი სხდომა ჩაშალეს. მათ ორი ამოცანა შეასრულეს. პირველი ამოცანა: დარტყმა მართლმადიდებლობაზე საქართველოში და ქართველ და რუს ხალხს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე. მეორეს მხრივ, ეს იყო მზადება მეორე ნაბიჯისთვის – გადატრიალების მცდელობისკენ შიდა პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. შევამჩნიე, რომ ყველა პლაკატი, რომელიც ე.წ. პროტესტანტებს დაურიგეს, მომზადებული და დაბეჭდილი იყო წინასწარ. ისინი მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ და მის მაქსიმალურ დისკრედიტაციაზე. ჩვენ დავინახეთ კურატორები, რომლებიც ამერიკული ინგლისურით ლაპარაკობდნენ და ე.წ. მედიის წარმომადგენლებს ხელმძღვანელობდნენ“.

ვესტი – ქართველმა ოპოზიციონერმა რადიკალებმა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტი, არეულობის მოსაწყობად სპეციალურად გამოიყენეს, – მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. რუსი დიპლომატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილის ემოციურ დამუხტულობას. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ხელი შეუშალონ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტზე მიტანილ იერიშში მონაწილეობა მიიღეს არა მარტო ქართველმა რადიკალებმა, არამედ უკრაინელმა პარლამენტარებმაც.

მოსკოვი შეშფოთებულია რადიკალების ქმედებებით, რომლებმაც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქმიანობა ჩაშალეს, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ოფოციალურმა თბილისმა საქართველოს დედაქალაქში არეულობების მოწყობაში რუსული დელეგაცია დაადანაშაულა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ნორმებს ეწინააღმდეგება, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

რია ნოვოსტი – თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი ტელეკომპანია RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმაც გააკეთა. „რა ამაღელვებელია ვაშინგტონური ქართული დემოკრატიისათვის თვალყურის დევნება – მისი რეზინის ტყვიებითა და გაზით – პირდაპირ სისხლიანი დიქტატურის ბუნაგიდან, სადაც დემონსტრანტების მიმართ ცრემლმდენი გაზი დაახლოებით 20 წელია არ გამოუყენებიათ- დაწერა თავის Telegram-არხზე სიმონიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button