skip to content
ახალი ამბები

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი 23-25 მაისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. დღეს იგი თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა საქართველოსთან „ტრადიციულად მეგობრული“ ურთიერთობები გააღრმავოს და დასძინა, რომ ვიზიტი ორ ქვეყანას ორმხრივი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესწავლაში დაეხმარება.

„გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მათი სიდიდისა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ვან ის ამ სიტყვებს საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას“, – აღნიშნა მანვე.

თავის მხრივ, მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ვიზიტს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები „დინამიურად“ ვითარდება და რომ მათი თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში „სამაგალითოა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ვან იმ და დავით ზალკალიანმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით და თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებად ვაჭრობა, ინვესტიციები და ტრანსპორტი განისაზღვრა. მხარეებმა საქართველოს „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივაში მონაწილეობაზე ისაუბრეს.

რუსულ ოკუპაციაზე საუბრისას, ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ჩინეთის „ფასდაუდებელ“ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „საქართველოც, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის ერთგულია და ეს პოზიცია ურყევია“, – აღნიშნა მან.

„აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსა და რეგიონის მიმართ, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთის ხელისუფლებას აქვს მკაფიო ხედვა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიას, კონკრეტულად კი – საქართველოს იმ მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტების განვითარებას გულისხმობენ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესაც შეხვდა.

2018 წელს ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 198 მილიონი აშშ დოლარი (201.7 მილიონი აშშ დოლარი 2017 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 833.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (732.9 მილიონი აშშ დოლარი 2017 წელს) იყო.

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 2017 წლის მაისში მოაწერეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button