ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა: 1-6 აპრილი

ბიუროს სხდომა

1 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 2-5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომ მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტი 4 აპრილს პლენარულ სხდომაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მოუსმენდნენ, 5 აპრილს კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

პლენარული სხდომები

  • თავდაცვის მინისტრის საათი

4 აპრილს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროში გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრის გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ოპოზიციის მხრიდან მინისტრის მისამართით დასმული კითხვების დიდი ნაწილი უწყებაში საჯარისო დაწესებულებებში ფულის სავარაუდო გამოძალვის ფაქტებს, ე.წ. „დედოვშინას“ და ქალი მფრინავის ეკატერინე ქვლივიძის მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ მიდგომებს ეხებოდა. ქვლივიძე ამბობდა, რომ მას ფრენების განხორციელების საშუალება მხოლოდ იმიტომ არ ჰქონდა, რომ ის ქალი იყო, რის გამოც, ის იძულებული გახდა, რომ უწყებიდან წამოსულიყო.

მინისტრმა ჯარში ფულის გამოძალვის საკითხი კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. რაც შეეხება ეკატერინე ქვლივიძეს, მინისტრმა მფრინავი ქალის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა არ დაადასტურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვლივიძე 2017 წელს აშშ-ში კაპიტნის საკარიერო კურსებზეც მიავლინეს. „დისკრიმინაცია, რომ იყოს ქალს ხომ არ გაუშვებდნენ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კურსებზე? მან გაიარა სხვა დამატებითი კურსები, რომელიც ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტს ათეულობით ათასი დაუჯდა“, – განაცხადა მან და იქვე ეკატერინე ქვლივიძესთან შეხვედრისა და კონსულტაციის მზადყოფნაც გამოთქვა.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის საათი

5 აპრილს პარლამენტის პლენარულ სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმინეს. ევროპული საქართველო მის საკომიტეტო სხდომაზე მისვლას ითხოვდა, თუმცა სებ-ის ხელმძღვანელმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლა ითხოვა და საბოლოოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მის მოსასმენად სწორედ ეს ფორმატი შეირჩა.

გვენეტაძე პარლამენტში მოხსენებით წარსდგა, რის შემდეგაც მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ოპოზიციის დეპუტატების კითხვების დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ საბანკო რეგულაციებსა და თიბისი ბანკის საკითხს ეხებოდა. სებ-ის პრეზიდენტმა ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტების მიმართულებით განხორციელებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა. მისივე თქმით, განხორციელებული ცვლილებების მთავარი კომპონენტი სწორედ პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა, რაც გულისხმობს სესხის გაცემას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის შემდეგ.

გვენეტაძის განმარტებით, გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება. მისივე თქმით, ამ რეგულაციის ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე გავლენის შეფასება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და დეტალური ანალიზი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პირველი კვარტლის მონაცემები გახდება ცნობილი.

კობა გვენეტაძემ პარლამენტში TBC ბანკის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა მისი საზედამხედველო ფუნქცია გამოიყენა და მის გადაწყვეტილებაში ვინმეს მხრიდან ჩარევას ადგილი არ ჰქონია. სებ-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ტრანზაქციების შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი გახდა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, რომელიც სთხოვდა ეროვნულ ბანკს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეესწავლა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის 2012 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგისათვის არ გაგზავნის საკითხი.

მისივე თქმით, ტრანზაქციების ანალიზმა, რომლითაც ბანკის მსხვილმა აქციონერებმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებით კომპანიების „სამგორი M” და „სამგორი თრეიდი” გამოყენებით ბანკიდან 17 მილიონ დოლარამდე თანხა ისესხეს, დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო.

ამავე სხდომაზე პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. ცვლილებები სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობდა. კანონპროექტის მისაღებად 63 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი მხოლოდ 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ იყო და კანონპროექტი ჩავარდა. მოგვიანებით უმრავლესობის დეპუტატებმა განმარტეს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში არსებული აკუსტიკის გამო, მათ ვერ გაიგეს თუ რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა კი განმარტა, რომ კანონპროექტის ჩავარდნა ტენიკური ხარვეზით იყო განპირობებული და კანონპროექტი კენჭისყრაზე შემდეგ სასესიო კვირაში დადგებოდა.

შეხვედრები

  • 1 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს. ვენეციის კომისიის დელეგაცია ცალკე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც შეხვდა.
  • იმავე დღეს ვენეციის კომისიის დელეგაციას საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე სამადაშვილი და თინათინ ბოკუჩავაც შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატებმა ვენეციის კომისიის ექსპერტებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ფრაქციის მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს.
  • ვენეციის კომისიის დელეგაციას საპარლამეტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატების“ წევრები, ასევე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძეც შეხვდნენ.
  • 1 აპრილსვე ვენეციის კომისიის დელეგაციას ევროპული საქართველოს წევრებიც შეხვდნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკითხებთან დაკავშირებით ფრაქციის ხედვა გააცნეს.
  • 5 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე, კომიტეტის საქმიანობაზე, ისევე როგორც ევროკავშირის როლზე და მხარდაჭერაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში.
  • 5 აპრილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრი პაატა მხეიძე სამუშაო ვიზიტად მყოფ აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯის (US National War College) სტუდენტებს და ინსტრუქტორებს შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკელი სტუმრები თავდაცვის მიმართულებით რეფორმების მიმდინარეობას, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ინფორმაციას გაეცნენ.
  • 5 აპრილს პარლამენტში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები დღეს აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯის (US National War College – NWC) წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეეხო.
  • 5 აპრილს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯის (US National War College – NWC) წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო.
  • 5 აპრილს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი და ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ავსტრიის პოლიტიკური მოწყობის მოდელს დაეთმო.
  • 5 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ამასთან, შეხვედრაზე ყველა ეუთოს ანგარიშში წარმოდგენილი ყველა რეკომენდაცია დეტალურად განიხილეს. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში მასშტაბური ცვლილებები აისახება.

ვიზიტები

1 აპრილს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები, თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ლატვიასა და ფინეთში გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ლატვიისა და ფინეთის პარლამენტებში, ასევე უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 6 აპრილს დოჰაში გაემგზავრა, სადაც 6-10 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას. ასამბლეის მთავარი თემა „პარლამენტი, როგორც პლატფორმა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის შესახებ ცოდნის განმტკიცებისთვის“. დოჰაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტს, გაბრიელა კუევას ბარონს და კავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.

სხვა ღონისძიებები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

1 აპრილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებმა დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მოკვლევის ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი 30-მა ორგანიზაციამ გამოთქვა, საკითხზე დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებები კი 17- მა ორგანიზაციამ წარმოადგინა.

  • დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი თემატურ სხდომა

1 აპრილს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი თემატური სხდომა გაიმართა, რომელსაც ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა. სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი წარმოადგინეს, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური და მატერიალური გაძლიერება, ჩართულობა და გამჭვირვალობა.

  • პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ

5 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის მიერ ნარკოტიკული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს არის არალეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button