Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ორმა დეპუტატმა დატოვა

ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვეს. აღნიშნულის შესახებ მათ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საკრებულოს დეპუტატების განცხადება, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც მან განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში გირგვლიანის საქმის მოსამართლეს ლევან მურუსიძეს, კანონმდებლობის გათვალისწინებით, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალტერნატივა არ ჰქონდა. მანვე მოსამართლეების თემაზე გუნდში არსებული უთანხმოების გამო ოცნებიდან წასული დეპუტატებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი ქმედებები ნაციონალური მოძრაობის „წისქვილზე ასხამს წყალს“.

ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საზოგადოება „ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობას“ ადევნებს თვალს და მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა“.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, მურუსიძე, ჩინჩალაძე, ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება, პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი უთანასწორო ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და ნაცებად სახელდების მცდელობა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, „სააკაშვილ-ადეიშვილების ჯალათების უხეში „გაპრავება“ კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა“. შაქარიშვილის განმარტებით, სწორედ ამიტომ, ის ქართული ოცნების უმრავლესობას ტოვებს და 13 აპრილს ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ მიერ დაგეგმილ შეკრებას უერთდება.

ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ისე სვამს საკითხს, რომ თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ყველა დანარჩენი, ვინც სანდრო გირგვლიანის უფლებებს იცავდა, არის „ნაცების წისქვილზე წყლის დამსხმელი“, მისთვის მიუღებელია.

„სწორედ სანდრო გირგვლიანის თემით, 7 ნოემბრის თემით მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს. მიმდინარეობს, რომ თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, იყო მოლოდინი, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებას კიდევ ჰქონდა რაიმე რესურსი, გაკეთდებოდა სწორი ანალიზი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება და 13-ში ორ საათზე ფილარმონიაში აუცილებლად ვუერთდებით „დაიცავი საქართველოს“ ღონისძიებას“, – განმარტა ჯიშკარიანმა.

ჯაბა ჯიშკარიანი თბილისის საკრებულოს ბოლო ორი მოწვევის დეპუტატია (2014-2017, 2017-2021) და ის თბილისის საკანონმდებლო ორგანოში ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. ვახტანგ შაქარიშვილი კი, საკრებულოში ასევე ქართული ოცნების სახელით 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემდეგ მოხვდა.

ქართულ ოცნებას თბილსის საკრებულოში სულ 37 დეპუტატი დარჩა, მათგან 15 პროპორციული სიით, 22 მაჟოროტარული წესით არჩეული. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის თებერვალში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button