ახალი ამბები

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა სტრასბურგში შეხვედრა გამართა

Tags

ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები 27-28 მარტს სტრასბურგში შეიკრიბნენ, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-8 შეხვედრა გაიმართა.

ასოცირების კომიტეტის სხდომა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტარის გაერთიანებული სამეფოდან საჯად კარიმის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

28 მარტს კომიტეტმა ერთობლივი განცხადება მიიღო სამი ხმით ევროპარლამენტიდან (წინააღმდეგ – 0, თავი შეიკავა – 0) და შვიდი ხმით ქართული მხრიდან (წინააღმდეგ – 0, თავი შეიკავა – 2).

ერთობლივ განცხადებაში დეპუტატები მიესალმნენ „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას“, გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და მიესალმნენ ქვეყნის „მდგრად პროგრესს არჩეულ გზაზე“.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები

ასოცირების კომიტეტი აცხადებს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და 2017 წლის, 25 მარტის რომის დეკლარაციის თანახმად, „ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებს იცავს, შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი გააკეთოს“.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვიზალიბერალიზაცია „საქართველოს მიერ სავიზო დიალოგის ფარგლებში გატარებული ყოვლისმომცველი რეფორმებისა და ჰარმონიზაციის პროცესის „უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“ და მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ „უვიზო რეჟიმის ხარვეზების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად სწრაფი საპასუხო ზომების გატარებას“.

კომიტეტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნონ, ვინაიდან „ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების დასრულებას“.

დეპუტატები ასევე მიესალმნენ 2018 წლის ნოემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშის მიღებას. მათი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიზების, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების შესახებ საერთო სურათი პოზიტიურია, ანგარიში ასევე გამოყოფს ცალკეულ სფეროებს, რომლებიც შემდგომი დაახლოებისთვის მეტ ძალისხმევას ითხოვს. ასეთებია: შრომის სამართალი, გარემოს დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“.

კომიტეტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც „მთავარ პარტნიორს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში“ და მის „სტრატეგიულ როლს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში, რომელსაც დიდწილად რეგიონში ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ფუნქცია განაპირობებს“.

დეპუტატები საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხნენ და მას „მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდეს საქართველოსთვის, რამაც „საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა დაასრულა“.

კომიტეტი მიესალმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნებმა „კონკურენტულ გარემოში ჩაიარა, კარგად იყო ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა და ამომრჩევლებს რეალური არჩევანის საშუალება“, თუმცა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია „ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენების ცალკეული შემთხვევებით, ამომრჩეველზე ზეწოლით, დაშინებითა და ერთეული ძალადობრივი ინციდენტებით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა. ასევე, პოლარიზაციის მაღალი დონით საზოგადოებასა და მედიაში, უარყოფითი კამპანიით და სიტყვიერი თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

განცხადება სასამართლო სისტემასაც ეხება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გააგრძელოს მიმდინარე რეფორმები, განახორციელოს და დაასრულოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.

დეპუტატებმა ასევე აღნიშნეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი უნდა წარიმართოს „მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმებისა და კონკურენტუნარიანობის საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მთავარ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის მეშვეობით“.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები

ასოცირების კომიტეტი ადასტურებს „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას“ და გმობს „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და მიზნად ისახავს შელახოს მიღებული საერთაშორისო წესრიგი“.

კომიტეტი ასევე გმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ საქართველოში კრემლის დესტაბილიზაციის ტაქტიკა საფრთხეს მთელი ევროპის მშვიდობას და უსაფრთხოებას უქმნის.

„რუსეთის უკანონო ნაბიჯები ძირს უთხრის ევროკავშირისა და საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, იწვევს მოსახლეობის გახლეჩვას, რომელიც ადრე ჰარმონიულად ცხოვრობდა და აუარესებს ადმინისტრაციული გამყოფი საზღვრების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკვე დამძიმებულ ეკონომიკურ მდგომარეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატებმა ასევე დაგმეს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტები და „განსაკუთრებული შეშფოთება“ გამოხატეს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის გამო.

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას „კონფლიქტის მოგვარებას დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და დიალოგის საშუალებით“ და მიესალმება ქვეყნის „მტკიცე მცდელობას, შეინარჩუნოს დიალოგის ნებისმიერი ფორმატი და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან კავშირი, რათახელი შეეწყოს ხალხთა შორის კონტაქტებს, აღდგეს ნდობა გახლეჩილ საზოგადოებებს შორის, შემცირდეს მიმდინარე რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე იზოლაცია და გაუმჯობესდეს მათი კეთილდღეობა“.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მომდევნო შეხვედრა თბილისში შემოდგომაზე გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button