ახალი ამბები

ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა 14 ნოემბერს 528 ხმით 97-ის წინააღმდეგ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ რეზოლუციას კენჭი უყარა. 34-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

რეზოლუცია ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრის მამიკინსის მიერ მომზადებულ პირველ ანგარიშს ეფუძნება, რომელზეც დებატები გუშინდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება რეფორმების სტაბილურ კურსს და პროგრესს, რომელიც ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებაში იქნა მიღწეული და რამაც „საქართველო ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია რეგიონში“.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „კვლავაც უზრუნველყოს სტაბილურობა, შემდგომი დემოკრატიული რეფორმები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იმ ქართველებისთვის, რომლებიც სიღარიბემ, უმუშევრობამ და მაღალი დონის ეკონომიკურმა მიგრაციამ დააზარალა“.

დოკუმენტი მიესალმება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის „ეფექტურ განხორციელებას“ და საქართველოს ძალისხმევას, რომ „სწრაფად აღმოფხვრას“ მისი დარღვევები. ასევე რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ საქართველო „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად“ აღიარონ.

ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ქვეყნის კურსს, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ, შერიგებისა და ჩართულობისკენაა მიმართული, ასევე მის კონტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და მიესალმებიან საქართველოს „ძალისხმევას, რომ რუსეთთან დიალოგი აწარმოოს“.

ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ „ცალსახა მხარდაჭერას“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხივალის რეგიონის ოკუპაციას. ევროპარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „თანმიმდევრული, კოორდინირებული, ერთიანი და მტკიცე პოზიცია გამოხატოს რუსეთის ოკუპაციის და ანექსიის პოლიტიკის მიმართ“.

რეზოლუციაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც არის საუბარი. დოკუმენტი მიესალმება პირველი ტურის „კონკურენტულ ბუნებას“ და „ძალადობის შემთხვევების არარსებობას“, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს მეორე ტურამდე მოაგვარონ პრობლემური საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, საარჩევნო კამპანიისთვის დადგენილი დაფინანსების ძალიან მაღალი ზღვარი და დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები, მათ შორის, მაღალი რანგის თანამდებობების პირების მხრიდან ინტენსიური სიტყვიერი თავდასხმები“.

მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ რიგი პრობლემები კვლავ მოსაგვარებელია, მათ შორის მაღალი დონის ელიტური კორუფცია, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მედია კონტენტის დეპოლიტიზება, შრომის და ადამიანის უფლებების და ასევე გარემოს დაცვა.

კერძოდ, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის გამოძიებაში „პროგრესის ნაკლებობის“ გამო, რამაც „ბევრი ხარვეზი გამოავლინა უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციონირების თვალსაზრისით, მათ შორის, პარტიულ-პოლიტიკური ჩარევა“ და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოძიების სწრაფი და სანდო დასკვნა გამოიტანოს.

რეზოლუცია ასევე გამოხატავს შეშფოთებას იმ ზეწოლის გამო, რომელსაც თურქეთი საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ახდენს, გიულენის მოძრაობასთან მათი სავარაუდო კავშირის გამო, და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკითხს თვალი ადევნოს და უზრუნველყოს სასამართლო პროცესის „სრული შესაბამისობა ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებთან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button