Placeholder canvas
ახალი ამბები

საია: შსს-ის ქმედებები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის „ილუზიას“ ქმნის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამართალდამცველების ქმედებები კადრების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის „ილუზიას“ ქმნის.

ორგანიზაციის მიერ 28 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მხრიდან, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პირველწყაროს დასჯის მიზნით, რეალური ღონისძიებები არ ტარდება.

სისხლისამართლებრივი დევნა ფრაგმენტულად იწყება ადამიანების მიმართ მასალის ინტერნეტში ატვირთვის გამო, მაშინ, როდესაც პრინციპულად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადებასა და გავრცელების დაკვეთაში ბრალდებული პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა“, – აცხადებენ უფლებადამცველები.

მათივე შეფასებით, ასეთი მიდგომა არ ახდენს პრევენციას და მომავალში მსგავსი დანაშაულების ჩადენის საფრთხეს ქმნის. საია-ში ასევე განმარტავენ, რომ საკითხის აქტუალურობისა და სიმწვავის მიუხედავად, საზოგადოებისთვის გამოძიების დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

ორგანიზაცია სამართალდამცველ უწყებებს მოუწოდებს, რომ ეფექტიანად გამოიძიონ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების ფაქტები და მათი გავრცელების დაკვეთის ვინაობა დაადგინონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button