ახალი ამბები

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 თებერვლის განცხადებით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება, ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყება საზოგადოებას მოუწოდებს „არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შსს-ის განცხადებას დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა, გამოძიების „სწრაფად მოქმედებას“ მიესალმა და განმარტა, რომ ის გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს ელოდება. „მთავარი არის [ჩანაწერის] გამავრცელებელი პირების გარდა, [დადგინდეს] ის, ვისგანაც წამოვიდა დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება, ვინც იყო ამ უკანონო დანაშაულებრივი ჩანაწერების გავრცელების და ვინც იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში“, – განაცხადა მან და დასძინა „მე ველოდები სწორედ ამ პასუხს გამოძიებისგან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 28 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სოციალური ქსელის საშუალებით, ქართული ოცნების დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ განაცხადა.

იმავე დღეს, სოციალური ქსელების საშუალებით, მისი „პირადი და ოჯახური საიდუმლოების“ შემცველი ჩანაწერების გავრცელების შესახებ თავად ეკა ბესელიამაც განაცხადა და სამართალდამცველ სტრუქტურებს, მის მიმართ განხორციელებული „მორალური ტერორის“ უკან მდგარი პირების უმოკლეს ვადაში გამოვლენისკენ მოუწოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 იანვარს დაბლოკა და ფაქტზე გამოძიება იმავე მუხლით (157 1-ის პირველი და მეორე ნაწილი) დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button