skip to content
ახალი ამბები

ცხინვალმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა

ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა რეგიონის საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს დანიშნა.

ოკუპირებული რეგიონის 34-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მანდატები შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული პრინციპით გადანაწილდება. 17 მანდატს პროპორციული სისტემით ის პარტიები გაინაწილებენ, რომლებიც 7 %-იან ბარიერს გადალახავენ, ხოლო დანარჩენ 17 ადგილს მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ.

მომავალი არჩევნები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და ანატოლი ბიბილოვს შორის 6 მარტს გამართული შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო. რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ არჩევნები „კანონის და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად“ ჩატარდება.

ოკუპირებული რეგიონის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 2014 წელს ბიბილოვის პარტიამ „გაერთიანებული ოსეთი“ ხმების 44.84 % მიიღო და შედეგად 20-წევრიანი უმრავლესობა მოიპოვა.

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთის და იმ ოთხი ქვეყნის გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

მსგავსი/Related

Back to top button