Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები: სესიაშვილის ინიციატივა „თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება“

არასამათავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებს შეუნარჩუნდებათ, კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის „რელიგიის თავისუფლებას ზღუდავს“ და „კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს“ ეწინააღმდეგება.

პლატფორმა „არა ფობიას“ მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 7 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ნათქვამია, რომ დეპუტატის მიერ დასახელებული არგუმენტი, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებითაა განმტკიცებული, არ არის იმის გამამართლებელი საფუძველი, რომ იგივე უფლება სხვა კონფესიის წარმომადგენლებს წაერთვათ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„ამგვარი ინიციატივა განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის და რელიგიური საფუძვლით დისკრიმინაციის შემთხვევები (როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში) ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჩვენს საზოგადოებაში“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს განცხადება ასევე გაავრცელა „კოალიციამ თანასწორობისთვის“ და დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა რელიგიის თავისუფლების სფეროში კანონმდებლობის აშკარა გაუარესებად შეაფასა.

კოალიცია, რომელიც 9 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, შემაშფოთებლად მიიჩნევს დეპუტატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ცვლილებების განხორციელება არსებული საკანონმდებლო ხარვეზით არის განპირობებული. არასამთავრობოები სესიაშვილს მიუთითებენ, რომ ხარვეზის რომელიმე ჯგუფისთვის უფლების შეზღუდვის სანაცვლოდ მოწესრიგება, „ადამიანის უფლებათა იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის“.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტარებს მოუწოდებენ, რომ კრიტიკულად შეაფასონ სესიაშვილის ინიციატივა და არ დაუშვან იმგვარი კანონების მიღება, რომელიც ზღუდავს კონკრეტულ პირთა ჯგუფის უფლებებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, ყველა კონფესიის მღვდელმსახურისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების შესახებ საკანონმდებლო ნორმის გაუქმების აუცილებლობაზე 13 მარტს ისაუბრა. მან ამ მიზნით პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირა.

ინიციატივის მიზეზად დეპუტატმა ისეთი ორგანიზაციების არსებობა დაასახელა, რომლებიც არსებულ საკანონმდებლო ნორმას არასწორად და არასამართლიანად იყენებენ, რაც, მისივე განმარტებით, გაწვევის სისტემას დიდ პრობლემას უქმნის.

დეპუტატს მხედველობაში, სავარაუდოდ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩთან“ არსებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ ჰქონდა, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა. „გირჩის“ ინფორმაციით, დღემდე მისი საშუალებით, არასასურველ სამხედრო სავალდებულო სამსახურს 15 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ დააღწია თავი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button