ახალი ამბები

ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საუბრობს

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 25 თებერვალს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული დღის წესრიგის „ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“. „ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, სამართალდამცველი ორგანოების ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისა და პენიტენციურ სისტემაში ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული“, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლება არ ეძლევათ და რომ იქ ადამიანის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება „დღითიდღე უარესდება“.

„უკანონო დაკავებები და გატაცებები, ეთნიკურად მოტივირებული ადამიანის უფლებათა დარღვევები, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები, ასევე სხვა ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობების უკან მდგომი დანმაშავეები ჯერაც არ დასჯილან და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, რათა ბოლო მოეღოს დაუსჯელობას და აღიკვეთოს ადამიანის უფლებათა შემდგომი დარღვევები ორ რეგიონში.

ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის უამრავი ძალისხმევის მიუხედავად, ასიათასობით იძულებით გადასახლებულ პირს კვლავ წართმეული აქვს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება. მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით გაუარესებული მდგომარეობა იძულებითი გადაადგილების ახალი ტალღის უშუალო საფრთხეს ქმნის.

მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის საშუალება მისცეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 25-26 თებერვალს ორდღიანი ვიზიტით ჟენევას სტუმრობს. გუშინ ის თავის ინდონეზიელ კოლეგას რეტნო მარსუდის, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს კოლი სექს, გაეროს უმაღლეს კომისარს ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რობერტო აზევედოს შეხვდა. ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს დღესაც გააგრძელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button