ახალი ამბები

სუს-მა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე „ქრთამის აღების ფაქტზე“ დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავა.

უსაფრთხოების სამსახურის 25 იანვრის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და ამ გზით ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას ქრთამის სახით 250 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა.

სუს-ის ინფორმაციითვე, ამის შემდეგ გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან ფიქტიური სესხის ხელშეკრულება გააფორმა და 250 ათასი ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button