ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეებს დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერისთვის  წერილობით მიმართავენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოში მოქმედ 278 მოსამართლეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდასაჭერად პერსონალურ წერილს უგზავნიან და ამ მიზნის მიღწევაში დახმარებას სთავაზობენ.  

„სწორედ დღეს ჩვენი მართლმსაჯულება დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, ან ის იქნება დამოუკიდებელი, სამართლიანი და მოემსახურება დემოკრატიულ, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ან ის მოემსახურება ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

წერილში, რომელიც საზოგადოებას თავად ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე გააცნეს, აღნიშნულია, რომ სასამართლოსთან მიმართებაში მათი მიზანია „არაკანონისმიერი გავლენების წინააღმდეგ“ ბრძოლა.

„ჩვენი მიზანია სასამართლოს შიგნით გავლენების აღმოფხვრა, კეთილსინიდისიერი და პროფესიულად ძლიერი მოსამართლეების წარმოჩენა და გაძლიერება. ამრიგად, ჩვენთვის თითოეული კეთილსინდისიერი და კომპეტენტური მოსამართლე ძვირფასია. ამ გზაგასაყარზე გადამწყვეტია თქვენი არჩევანი. თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები  სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდასაჭერად, გამოხატული ნებისმიერი ფორმით, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ამ მისწრაფებას“, – ნათქვამია წერილში.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, 26 იანვარს მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაა დაგეგმილი, სადაც სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილება. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებს მიმართავენ სწორედ ამ სხდომაზე „დაიცვათ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი და გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი და ამავე დროს  ანგარიშვალდებული სასამართლო“.

„სასამართლოს შიგნით არსებობს სერიოზული გამოწვევები ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლოა მოსამართლეები არიან წნეხის, თვითცენზურის და ცენზურის ქვეშ და შესაბამისად, მოსამართლეებს მივმართავთ, რომ ჩვენ  მზად ვართ, რომ დავიცვათ ინდივიდუალური მოსამართლის უფლება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, წერილის ადრესატები არ არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და ის 10 მოსამართლე, რომლებიც საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად გასული წლის დეკემბერში პარლამეტს განსახილველად წარუდგინა.

დოლიძის და ჯანეზაშვილის მიერ წარდგენილ წერილში აღნიშნულია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილმა 10 მოსამართლის სიამ „მკვეთრად წარმოაჩინა ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას სასამართლო ხელისუფლება“, ვინაიდან მათი შერჩევა ისე მოხდა, რომ სხვა მოსამართლეების კანდიდატურის განხილვა არ მომხდარა.

24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების 10 კანდიდატურა შეარჩია და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა. მოგვიანებით ამ საკითხს მმართველ გუნდში უთანხმოება მოჰყვა, რის გამოც გასული წლის დეკემბერში, თანამდებობები დატოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა. პარლამენტმა მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 12 იანვარს განაცხადა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით ახალი პროცედურებისა და კრიტერიუმების შემუშავებას იწყებს.  ამ საკითხზე ცალკე კონსულტაციებს მართავს ეკა ბესელია.

მოსამართლეების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით 15 იანვარს საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემაც მიმართეს .

21 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტს  მათი კანდიდატურების განხილვის მოხსნის თხოვნით  ერთობლივი განცხადებით  მიმართეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button