Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მიმართეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში 15 იანვარს დაარეგისტრირეს. მედიასთან საუბარში ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მათ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადება მოსამართლეების შერჩევის „ხუთ აუცილებელ პრინციპს“ მოიცავს.

„მთავარი ამ ხუთ პრინციპში არის ის, რომ იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთხმად, ყველა წევრმა… ეს ყველაფერი, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უნდა იყოს გამჭვირვალედ. ეს პროცესი უნდა ნახოს ყველამ და ყველა კვალიფიციურ და კომპეტენტურ იურისტს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ღია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა მან.

მედიასთან საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განმარტა, რომ მათ მიერ წარდგენილი პროექტი იმ საბაზისო საკითხებს აერთიანებს, რომელიც ეფექტიანი კონკურსის ჩატარებას, „კარგი კანდიდატების“ შერჩევას უზრუნველყოფს და იმ შედეგს არ მოგვცემს, რომელიც „აქამდე მივიღეთ“.

მისი განმარტებით, პარლამენტისთვის წარდგენილი ინიციატივა კონკურსის, საჯარო გასაუბრებისა და ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტის შემოღებას გულისხმობს. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის შესახებ საკუთარი ინიციატივის წარდგენას გეგმავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიაც. ამ მიზნით მან რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა უკვე გამართა.

მედიასთან საუბარში ბესელიამ განაცხადა, რომ ის ყველა იმ სამუშაო ჯგუფში იქნება ჩართული, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება. მისივე განმარტებით, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, უკვე მზად იქნება პროექტი, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები გაიწერება. მანამდე კი, ის საერთაშორის პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს განაგრძობს.

„ჩვენს ყველა კოლეგას მინდა დაველაპარაკო, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანობის იდეა. მე დარწმუნებული ვარ ამ პარლამენტში მოიძებნება ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც დააყენებს სახელმწიფო ინტერესს მაღლა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ ხედვას პარლამენტს პარტია ევროპული საქართველოც წარუდგენს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას პასუხი უნდა გასცეს, რაც პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებით უნდა გამოიხატოს.

„დოკუმენტით ოფიციალურად მიმართავს [პარლამენტი] და მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ უკან გაიწვიოს სია, რომელიც შემოსულია ყოველგვარი განხილვის და კრიტერიუმების გარეშე და ახალი სია მოამზადოს კრიტერიუმების შესაბამისად“, – განმარტა დეპუტატმა. მისივე თქმით, პარტიას მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივაც აქვს მომზადებული, რომლითაც პარლამენტს მიმართავს.

საკითხს საფრანგეთიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები ორ ფორმატში – „სამუშაო ჯგუფისა და საპარლამენტო ფორმატში გაიწერება“.

„ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურას, კრიტერიუმს, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე”, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა და დასძინა, რომ უმრავლესობა ყველასთან, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვისაც მზად არის.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის მზადყოფნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც გამოხატა. მისივე თქმით, ჯგუფში ჩართვის შესახებ მოთხოვნით ომბუდსმენის აპარატმა პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე მუშაობა 12 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციან სიას მმართველ გუნდში უთანხმოება მოჰყვა.

მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით გუნდში არსებული უთანხმოების გამო, გასული წლის დეკემბერში, თანამდებობები დატოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა. პარლამენტმა მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button