ახალი ამბები

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან საქართველოს პროგრესს და მის წევრობას მხარდაჭერას უდასტურებენ

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანკა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ პავლო კლიმკინმა 4-5 დეკემბერს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

4 დეკემბერს, თავის შესავალ სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნატო მთლიანად უჭერს მხარს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ განვაგრძობთ ძლიერი, მათზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას, როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის“.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეები „დიდად აფასებენ“ მათ „გამორჩეულ პარტნიორობას“ საქართველოსა და უკრაინასთან, რომლებსაც საერთო უსაფრთხოებაში წვლილი „სხვადასხვა გზით“ შეაქვთ და რომ ნატო ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაძლიერების მიმართ „ერთგული რჩება“.

„ნატოს ყველა მოკავშირე შეხვდა უკრაინას და საქართველოს და ძალიან მკაფიო გზავნილი გადასცა მათ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ წარმოდგენილები ვართ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში და მათ პირობა დადეს, რომ განაგრძობენ და გააღრმავებენ თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან“, – აღნიშნა მან.

„დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. ვაღიარეთ ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია და მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ავღანეთში ჩვენს მისიაში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მინისტერიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც დაესწრო. მისი თქმით, „აშშ-ისა და ნატოს მოკავშირეები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოში მისწრაფებებს. ვაფასებთ მათ წვლილს და თანამშრომლობას და გვახარებს ის პროგრესი, რომელსაც მათ ნატოს სტანდარტების და ღირებულებების დასაკმაყოფილებლად მიაღწიეს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლის სპეციალურ ბრიფინგზე, აშშ-მა ორივე ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ მკაფიო და ძლიერი გზავნილი გაახმოვანა და მათი პოზიცია გაიზიარა, როგორც ქვეყნების ტერიტორიებთან მიმართებით რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, ისე ორი ქვეყნის მიერ დემოკრატიის მშენებლობისა და რეფორმების განხორციელებისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელების თვალსაზრისით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა, თუმცა შეშფოთება გამოხატა მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო. „ახლა ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ შეასრულებენ ქართველები ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმებს და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება“.

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იენს სტოლტენბერგთან, ასევე თავის უკრაინელ და რუმინელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები გამართა. ბრიუსელიდან ზალკალიანი მილანში გაემგზავრება, სადაც 6-7 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button