ახალი ამბები

პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის 13-14 ნოემბერის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. მომავალი წლის ბიუჯეტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააცნო.

ფინანსთა მინიტრის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებული იქნება და ამ მიმართულებთ 2.9 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, მათ შორის, 225 მლნ ლარით გაიზარდება საპენსიო ფონდიც და ჯამში 1 925 მილიონი ლარი გახდება.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსავლები 10.5 მილიარდი ლარია, ხარჯები კი 9.4 მილიარდი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები 10.3, ხოლო ხარჯები 9.7 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.

2019 წელს მთავრობა, საგადასახადო შემოსავლების სახით, 9.6 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 155 მილიონი ლარით მეტია. თითქმის 46 მილიონი ლარით მცირდება გრანტების სახით მიღებული თანხის მოცულობა და ის 368.5 მილიონ ლარს შეადგენს. 50 მლნ ლარით იზრდება სხვა შემოსავლებიდან მიღებული თანხის ოდენობა (460 მლნ).

გასული წლის მსგავსად, 2019 წელს მთავრობა 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ინფლაციის მაჩვენებელი კი, კვლავ 3 %-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს შემოსულობების საერთო ჯამი 12 968 მილიონი ლარია, რაც სამინისტროებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 8.7 მლნ ლარით, 91 მლნ ლარამდე იზრდება;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 115.2 მილიონი ლარით იზრდება და 344 მილიონ 750 ათას ლარს შეადგენს;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 1 965 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2018 წლის გეგმას თითქმის 140 მილიონი ლარით აღემატება. თანხის დიდი ნაწილი – 1.4 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება;

იუსტიციის სამინისტრო 2019 წელს 186.4 მლნ ლარით დაფინანსდება. ეს მაჩვენებელი წინა წლის გეგმასთან შედარებით, 9.4 მლნ ლარით აღემატება;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 3.9 მილიარდი ლარი იქნება, საიდანაც 70 % (2.8 მილიარდი ლარი) მოსახლეობის სოციალურ დაცვას მოხმარდება. 1.9 მილიარდი ლარი კი საპენსიო უზრუნველყოფაზე დაიხარჯება;

საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით გაიზრდება და 136.5 მილიონი ლარი გახდება;

თავდაცვის სამინისტრო 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით 870 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეს მაჩვენებელი 2018 წლის გეგმას 68 მლნ ლარით აღემატება;

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს თითქმის 74 მილიონი ლარით გაიზრდება და 644 მილიონ ლარს გაუტოლდება;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მომავალი წლის ბიუჯეტი 332.3 მილიონი ლარი იქნება;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 1.5 მილიარდი ლარით დაფინანსდება. აქედან 739.6 მილიონი ლარი სკოლამდელ და ზოგად განათლებას მოხმარდება. პროფესიულ განათლებაზე 48.7 მილიონი ლარი, ხოლო უმაღლეს განათლებაზე კი 168.8 მილიონი ლარი დაიხარჯება;

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება მილიონ 250 ათასი ლარით გაიზრდება და 2.8 მილიონი ლარი გახდება.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უცვლელი დარჩება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება (9.8 მლნ ლარი), 22 ათასით შემცირდება მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი და 15.8 მლნ ლარი გახდება. უცვლელი დარჩება პრეზიდენტისა (5 მლნ) და მთავრობის (50 მლნ) სარეზერვო ფონდების მოცულობა.

2018 წლის გეგმასთან შედარებით, 2.6 მილიონი ლარით გაიზრდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი და 64.7 მილიონი ლარი გახდება. 1.6 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაფინანსება და 16.2 მლნ ლარი გახდება.

39.6 მილიონი ლარით, 27.5 მილიონ ლარამდე შემცირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება.12 მილიონი ლარით გაიზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი და 136 მილიონი ლარს გაუტოლდება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უცვლელი დარჩება საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტი (4.1 მლნ ლარი), 9.5 მილიონამდე გაიზრდება (1.1 მლნ-ით) უზენაესი სასამრთლოს ბიუჯეტი, 6.6 მილიონი ლარით კი საერთო სასამართლოების დაფინანსება (77.7 მლნ ლარი).

900 ათასი ლარით, 6.4 მილიონ ლარამდე იზრდება სახალხო დამცველის აპარატის ბიუჯეტიც.

თითქმის 6 მილიონი ლარით გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც (58.5 მლნ ლარი). უცვლელი რჩება საპატრიარქოს ბიუჯეტი (25 მლნ ლარი).

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს, ქვეყნის სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი 20.1 მილიარდი ლარია, აქედან 15.7 მილიარდი საგარეო, ხოლო 4.4 მილიარდი საშინაო ვალია. 2019 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა ქვეყნის მშპ-ის 43 %-ია (დადგენილი ნორმა 60 %).

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დოლართან მიმართებით ლარის 2.7-იან ნიშნულზეა გაანგარიშებული.

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის 2019 წლის პროექტის პირველადი ვერსია პარლამენტს ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრის დასაწყისში წარუდგინა. ერთთვიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი მთავრობას უკან დაუბრუნა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის სასესიო განხილვები 13 ნოემბერს დაიწყო. ორდღიანი მოსმენის შემდეგ, ბიუჯეტი მთავრობას შენიშვნებით უკან დაუბრუნდება. ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს დეკემბრში უნდა დაუბრუნოს. თავის მხრივ, პარლამენტმა ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეკემბრშივე უნდა დაამტკიცოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button