ახალი ამბები

ზალკალიანი ოსლოში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სკანდინავიის ქვეყნებში დიპლომატიურ ტურნეს განაგრძობს. 13 ნოემბერს ის ოსლოში თავის ნორვეგიელ კოლეგას ინე ერიქსენ სორეიდეს შეხვდა.

შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე, ინე ერიქსენ სორეიდემ განაცხადა, რომ ოსლო 2019 წელს თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნას გეგმავს და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთ ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორი ქვეყანაა“.

დავით ზალკალიანთან დღევანდელ შეხვედრაზე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს გახსნა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების საქმეში“.

ოსლოში ზალკალიანმა ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ისაუბრა.

გახსნით სიტყვაში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანმა აუდუნ ჰალვორსენმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია დაგმო და განაცხადა, რომ ნორვეგია „სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 12 ნოემბერს ფინეთს სტუმრობდა. ნორვეგიიდან ის დანიაში გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button