Placeholder canvas
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობას „კრიმინალურ, ბინძურ პოლიტიკურ ძალას უწოდებს“, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვს.

ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა დღეს ბიუროს სხდომზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა არის ძალა, რომელსაც „არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“. ირაკლი კობახიძე საქართველოს „ორი ისტორიული რეგიონის სრულ ოკუპაციას” სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას მიაწერს.

„უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე – სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათიათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. თქვენი დანაშაულის შედეგია ეს ყველაფერი და ამას თქვენ უწოდებთ შეცდომას“, – მიმართა მან ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის „სხვა უამრავ დანაშაულზეც“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ადამიანების წამება, მამაკაცების გაუპატიურება, ეს უბედურება არის ის“, რაც ამ პარტიამ ჩაიდინა და „ეს არის მათი სახე“.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების ტექსტის ნახვა პარლამენტის ვებგვერდის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც არის შესაძლებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button