არჩევნები 2018ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის მიმართვას პოლიტიკოსები აფასებენ

Tags

ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 5 ნოემბრის ტელემიმართვას, სადაც ის ამომრჩეველს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრება, პოლიტკური შეფასებები მოჰყვა.

ქვემოთ მოცემულია მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების გამოხმაურებები.

მმართველი გუნდის შეფასება 

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ნებისმიერ არჩევნებში საზოგადოება გვიზიარებს თავის გზავნილებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურად ვიღებთ მას. ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, უმთავრესი პრირიტეტი საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად მოქმედება. იყო მთელი რიგი ხავეზები, რა თქმა უნდა, ამ წლების მანძლზე ხელისუფლების საქმიანობაში, მოქმედებაში, ამის გარეშე არ არსებობს არცერთი ხელისუფლების საქმიანობა, თუმცა ჩვენთვია მთავარია, რომ ვიმუშაოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი საწუხარი და რა არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს იყო გაჟღერებული ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გზავნილში“.

ეკა ბესელია – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ეს არის ლიდერის განცხადება, რომელმაც იცის თავისუფლების და იმ ბრძოლის ფასი, რომელიც 2012 წლამდე ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში მწიფებოდა, გროვდებოდა და ამას ბევრი ადამიანი ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და იმის ფასი, რაც 2012-მა წელმა ამ გამარჯვებით მოიტანა, ანუ ადამიანის სიცოცხლე და მისი თავისუფლება ყოფილიყო დაცული. აქ საუბარია არა იმაზე, რომ ვიღაცა ხელისუფლებას დაკარგავს და პოლიტიკური გუნდი რამეს დაკარგავს, აქ საუბარია იმაზე, რომ მთავარ ღირებულებებს დაემუქრება საფრთხე და ქვეყნისთვის არის ეს წარსულში დაბრუნების ტოლფასი“.

გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „არ გავყოფდი ასე ძველი გვარდია ახალია გვარდია სახელებით და გვარებით, გავყოფდი პათოსით, ის რაც ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში გამოხატა. გამოგიტყდებით ერთობის განწყობამ საკმაოდ მოიკოჭლა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. სამეურნეო ნაწილია ეს თუ პარტიული ნაწილი, მაგრამ მართვის სისტემა საკმაოდ შეირყა. და, ფაქტიურად, 2017 წლის არჩევნების შემდეგ, პარტიაც, პრაქტიკულად, აღარ ჩანს ასპარეზზე, მართვის ვერტიკალი არის მოშლილი, მე ვიტყოდი და ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე, სულ ახლახანს, რამდენიმე თვის წინ, გარდა პოზიტივისა, იმის მომასწავებელიც იყო, რომ ამ ხარვეზებს მძლავრი მუშაობა სჭირდება“.

ოპოზიციის შეფასება 

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „თქვენ შეიძლება იხილეთ დამფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი და იცით რა მომაგონა მისმა სახემ? ისეთი სახე ჰქონდა, ქურდს რომ დაიჭერს სახლთან ნაქურდალით და ხელი რომ გაქვს ჩაჭიდებული და რომ გეხვეწება, ოღონდ ამ ერთხელაც გამიშვი და ცხოვრებაში აღარ ვიქურდებ, ოღონდ პოლიციას არ ჩამაბარო და გამოვსწორდები და სწორ გზას დავადგებიო. და ხომ იცით, რომ თუ გაუშვებთ, ჯერ ერთი, აუცილებლად ბოლომდე გაგძარცვავათ, მერე შეიძლება დანაც გაგიყაროთ. აი, ასევეა ივანიშვილი. ამბობს გამოვსწორდებიო და ამავე დროს, უბან-უბან დაძრწიან კრიმინალები აშინებენ ხალხს, მისი გამგებლები სცემენ კოორდინატორებს. ხალხს ემუქრებიან, სამსახურიდან გაგდებით. ამის გამოსწორება არ შეიძლება. ამ კაცმა ბოლო ორ წელიწადში თქვენ ჯიბიდან ამოგაცალათ 3 მილიარდი ლარი. გამოსწორდება და რა? საკუთარ დეიდაშვილ უჩას დაიჭერს, საკუთარ ხალხს (თუ თავს?) ხომ არ დაიჭერს? ფარცხალაძეს რამეს უზამს? რა ჩხარტიშვილს რამეს უზამს, საბანკო მაფიას ხაზარაძეს და ვინმეს რამეს უზამს? რა თქმა უნდა, არაფერს ის ისევ მოგადგებათ თქვენ“.

გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო: „ დღეს, ახლა, აქ რაც მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირება და კიდევ ერთი ტყუილი განცხადება, რასაც თქვენ აკეთებთ, რომელ სიტყვასაც უკვე ფასი აღარ აქვს, მე ვფიქობ, არცერთი საქართველოს მოქალაქისთვის. რაც ყველაზე მთავარია, შეეჩვიეთ ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვართ გარანტი იმის რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში. ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე, ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ…თქვენ ძალიან დიდი დრო გქონდათ იმისთვის, რომ შეგესრულებინათ დაპირებები, რომ გეზრუნათ ხალხის პრობლემაზე. საუბრობთ საგარეო ასპარეზზე, რაღაც გარკვეული შედეგების მიღწევაზე. სად ხალხო, საქართველო გაქრა საერთოდ საერთაშორისო დისკურსიდან. საშინაო ასპარეზზე? შეხედეთ ლარის კურსს. შეხედეთ უამრავ გაჭირვებულ, უმუშევარ ადამიანს. ეს არის იმ არასწორი ქმედებების შედეგი რომელსაც თქვენ ახორციელებთ და დღეს როცა გვესაუბრებით, ასე ვთქვათ, მიმართავთ საზოგადოებას, იქნებ იმაზეც გასცეთ პასუხი, ისევ იცავთ იმ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომელსაც იცავდით ასე გამალებით პირველ ტურამდე?“

გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა, ადამიანის, რომლის არათუ ჭარბი ნდობა, არამედ ნულოვანი ნდობა გააჩნია ჩვენს მოსახლეობას. მან განაცხადა რომ არ ისაუბრებდა ცხრა წელზე, მაგრამ სინამდვილეში საუბრობდა მხოლოდ ცხრა წელზე და წარსულზე. მათ განაცხადეს რომ გაიგეს ხალხის წუხილი, თუმცა სინამდვილეში კვლავ, ამჯერად უკვე ხალხის ფულით, აპირებს ხალხის მოსყიდვას ბიუჯეტის ფულით ბიუჯეტის ხარჯზე. ხალხის მოთხოვნა არის სარალიძის მკვლელების და იმ მაღალჩინოსნების დასჯა, რომლებმაც მკვლელებს ხელი დააფარეს. ხალხის მოთხოვნა არის გათავხედებული ჩინოვნიკების ალაგმვა, რომლებიც ხალხის ხარჯზე დიდრდება. ხალხის მოთხოვნა არის არაფორმალური წარმონაქმნების და ისეთი ბიზნეს-სუბიექტების ალაგმვა, როგორიც არის ფარცხალაძე, და არამარტო ის. აი, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უტიფარი განცხადება, რომ თურმე მთავარი შეცდომა ქართული ოცნების ყოფილა ის, რომ მათ კოჰაბიტაცია დაუშვეს პოლიტიკურ ოპონენტებთან. ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო: ძალადობის გარეშე ჩაატარეთ მეორე ტური, და შეეგუეთ იმ შედეგს, რა შედეგიც დადგება“.

თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტია: „დღევანდელი ეს მოწოდება იყო სასოწარკვეთილი და შეშინებული ლიდერის გამოსვლა, იმიტომ, რომ ის ისევ აქცენტს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე, ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ისე ვერ ხედავს მომავალს. ის ვერ ხედავს მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან თანაცხოვრების შესაძლებლობას და წარმოუდგენელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს მიიღონ მისგან. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ მათი ხაზი, ქართული ოცნების ხაზი და ის სიტყვები, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ორი საქართველო არსებობს დღეს დადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button