არჩევნები 2018ახალი ამბები

არასამთავრობოები: მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს

Tags

სამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას – მიაჩნია, რომ „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება“.

5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომსა და რევოლუციურ სცენარებს პროგნოზირებდნენ, „შეიცავს სამოქალაქო ომის პროპაგანდის და ძალადობის წახალისების ნიშნებს“ და „ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების იდეას“.

„არჩევნების კონკრეტული შედეგის შემთხვევაში, შესაძლო სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ რიტორიკა უკიდურესად შემაშფოთებელი და დამაზიანებელია“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დასძინეს, რომ „ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, პატივი სცეს არჩევნებზე გამოხატულ ამომრჩევლის ნებას“.

„როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან უმნიშვნელოვანესია მკაფიო გზავნილი, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას და მეორე ტურზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, არ შეეცდებიან ვითარების რაიმე სახით გამწვავებას“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

მათ საპრეზიდენტო კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს და აქტივისტებს მოუწოდეს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა. მათვე ხელისუფლებას მიმართეს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში უშუალოდ კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ, „მშვიდობიანი და უსაფრთხო“ საარჩევნო გარემო, უზრუნველყოს.

ორგანიზაციებმა ახალქალაქში 30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზეც გაამახვილეს ყურადღება როდესაც რამდენიმე ოპოზიციურ აქტივისტს თავს მმართველი პარტიის წევრები დაესხნენ. არასამთავრობოებმა ხელისუფლებას მოუწოდეს „დროულად და მიუკერძოებლად“ გამოიძიონ ინციდენტი და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ დანაშაულში მონაწილე ყველა პირს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს ჩატარდა. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევს.

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაიმართოს. ცესკომ პირველი ტურის შედეგები კენჭისყრიდან არაუგვიანეს 20 დღეში უნდა გამოაქვეყნოს. მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 2018 წლის 1 დეკემბერია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button