skip to content
ახალი ამბები

ზუგდიდის ყოფილი მერი და ყოფილი ვიცე-მერი „დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების ანტიკორუფციული სამსახურის სააგენტოს თანამშრომლებმა „დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.

ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი მოსთხოვეს, 11 500 აშშ დოლარი გულუას ბაღის იჯარით გაცემისთვის, 10 000 აშშ დოლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გაცემისთვის იყო განკუთვნილი.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, 2018 წლის მაისში, იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი გია გულუას პირადად გადასცა, 11 500 დოლარი აშშ დოლარი კი,  7 ივნისს, მათთვის გადასაცემად, გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების (ხ.ბ.) სახელზე საბანკო გზავნილის სახით ჩარიცხა. საბოლოოდ, თანხას გია გულორდავა და ლაშა გოგია დაეუფლნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამბის პრეისტორია

ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. 13 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუგდიდის მერს ერთ-ერთი ბიზნესმენი, სავარაუდოდ, კორუფციაში ამხელდა. „რუსთავი 2“-ში მაშინ განმარტეს, რომ ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია საგამოძიებო სიუჟეტს ამზადებდა, რომელიც სწორედ ზუგდიდის მერის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას ეხებოდა.

13 სექტემბერსვე, ქართულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის, „არჩეულ პირთა მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით“, გამოძიება დაიწყო, რის საფუძველზეც, ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.

„გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები“, – ნათქვამი იყო განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ „ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ“.

მომხდარზე პირველი კომენტარი ლაშა გოგიამ 17 სექტემბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ ის „უდანაშაულო“ იყო. „გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ“ – განმარტა მან და დასძინა „ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება“.

მას შემდეგ, ლაშა გოგია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იღებდა მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button