skip to content
ახალი ამბები

მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

27 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პრემიერ-მინისტრის მიმართვის სრულ ტექსტს:

„ქალბატონო პრეზიდენტო,

ბატონო გენერალურო მდივანო,

პატივცემულო კოლეგებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია.

დღეს 27 სექტემბერია – უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. 25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია. რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისათვის.

10 წლის წინ კი, რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია.

ამ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღემდე დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები.

უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, სულ უფრო მწვავე სახეს იღებს დეპოპულაცია, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება. ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-ჯერ, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს.

გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლო ხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, 18 წლის დავით ბაშარული.

სწორედ ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი.

ოკუპაციამ და კანონიერების უხეშმა ხელყოფამ სერიოზული გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით, სულ მცირე ინციდენტიც კი შეიძლება გადაიზარდოს უკონტროლო პროცესში, შესაბამისი მძიმე შედეგებით.

უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების ურყევი მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.

რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ხოლო ჩვენ ეს შეთანხმება სრულად შევასრულეთ და უფრო მეტიც, ავიღეთ ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო პასუხისმგებლობა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად პოლიტიკას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის დარეგულირებას.

შესაბამისად, მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი, ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან!

ჩვენ ვცდილობთ აქტიურად გამოვიყენოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობას აწყდება. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქციაც აკისრია.

დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, როდესაც ერები, კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა.

ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანების უფლებების დაცვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

მიუხედავად ამ უსამართლობისა, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. ჩვენ წარმოვადგინეთ სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ ინიციატივებით ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ამ ინიციატივას ჩვენ დავარქვით “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის.

დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს: საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა! ჩვენ საუკუნოვანი საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც, დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ.

თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა – იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ჩვენ, ჩვენი მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება.

ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველო მდიდარი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა, რომელიც მუდამ იდგა და დღესაც დგას მსოფლიოს ცივილიზებული ერების გვერდით. საქართველოს თავისი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.

შესაბამისად, ჩვენ დღესაც ჩართულები ვართ იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას დღეს მთელი კაცობრიობა. ჩამონათვალი, სამწუხაროდ, დიდია: კონფლიქტები, ტერორიზმი, მიგრაციული კრიზისი, ლტოლვილთა პრობლემა, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, – ეს ის პრობლემებია, რომლებთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევასა და ურყევ პოლიტიკურ პოზიციას მოითხოვს გაეროსგან, მისი თითოეული წევრი ქვეყნისგან. ამ გამოწვევათა დაძლევა გვჭირდება ყველას, თითოეულ ჩვენგანს, რათა მსოფლიო გავხადოთ უკეთესი.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული ინტერესების დაცვა ურთიერთპატივისცემით უნდა ხდებოდეს და არავითარ შემთხვევაში – ერთმანეთის ხარჯზე.

სწორედ ამ კონტექსტში მინდა გამოვეხმაურო ამ გენერალური ასამბლეის თემას და განვაცხადო, – მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში, მშვიდობიანი, მდგრადი, სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის და ხელი შევუწყოთ ამ პროცესში გაეროს როლის გაძლიერებასა და მისი მიზნების უკეთ შესრულებას.

ძვირფასო კოლეგებო,

100 წლის წინ დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებით საქართველომ თავისი ცივილიზაციური არჩევანი კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამით ჩვენი ერის მომავალი განსაზღვრა – ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია.

ეს არჩევანი დღესაც უცვლელია, ეს გახლავთ ევროპული იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი.

საქართველო თავისი ღირებულებებით, თავისი შეტანილი წვლილით ყოველთვის იყო ევროპის ორგანული ნაწილი და დღესაც ევროკავშირთან წარმატებული თანამშრომლობით განაგრძობს ამ გზაზე წინსვლას.

100 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მის კონსტიტუციას სწორედ ის ღირებულებები და პრინციპები დაედო საფუძვლად, რომლებიც დღემდე აქტუალური და პროგრესულია.

ამის დასტურად მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ – 100 წლის წინანდელ საქართველოს მრავალპარტიულ პარლამენტში უკვე წარმოდგენილი იყო 5 ქალი, რაც იმდროინდელი დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც კი დიდი იშვიათობა გახლდათ.

სწორედ ასეთ დიდ მოვლენას, დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს წელს ჩემი ქვეყანა, რომელმაც 27 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენება დაიწყო. ეს თითქოს ისტორიისთვის ცოტაა, მაგრამ, ბევრია იმ ქარტეხილებისთვის, რომელთა გადატანაც ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას მოუწია. დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებსაც საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი.

პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკანასკნელ წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული ცვლილებებისა და რეფორმების შედეგია.

ძლიერი პარლამენტი, ზეპარტიული პრეზიდენტი, დამოუკიდებელი სასამართლო, ეფექტიანი მთავრობა არის იმ ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ – ქვეყანა ამ ცვლილებებით სწორედ ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადადის.

ჩვენთვის ქვეყნის განვითარების ამოსავალი წერტილია თავისუფალი ადამიანი და მის მიერ შექმნილი ადამიანური კაპიტალი. განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, განათლების სისტემის მოდერნიზაცია კიდევ ერთი გარღვევა იქნება იმ მთავარი გამოწვევის გადასაჭრელად, რომლის დღეს დგას ჩემი ქვეყნის წინაშე. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს პროგრესს, დაძლევს სიღარიბეს და საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში.

მცირე ზომის და მოქნილ მთავრობას აბალანსებს ძლიერი საჯარო – ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმები და სამოქალაქო საზოგადოება, რაც ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნით გაეროს მიერ განსაზღვრული გეგმის მე-16 პუნქტის მიხედვით ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს.

გასულ წელს საქართველოს არჩევა „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარედ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების ერთმნიშვნელოვანი აღიარებაა და კონკრეტული შედეგების მომტანია ჩვენი საზოგადოებისთვის.

ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ღირსების დაცვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, უკანასკნელ წლებში საქართველო გახდა ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ჩვენ დავძლიეთ უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დაგვხვდა. დღეს თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს ციხეებში პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ.

ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში, რომელსაც ვაგრძელებთ და დაგეგმილი გვაქვს რეფორმის შემდეგი ეტაპი.

ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. 2018 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა. განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს ინტერნეტის თავისუფლების კუთხითაც.

დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას განმსაზღვრელი როლი აქვს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მით უფრო ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ქვეყნის ჰარმონიული განვითარება შეუძლებელია. ჩვენი სურვილია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.

მდგრადი განვითარების პოლიტიკის ჩარჩოებში ჩვენ პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა.

ამასთან ერთად ვავითარებთ ციფრულ ეკონომიკას, რომელიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას.

ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია ეფუძნება ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ჩვენ ვართ წარმატებულები ამ სტრატეგიის რეალიზაციაში, რომელიც გულისხმობს საქართველოს გადაქცევას რეგიონის ეკონომიკურ, ტურისტულ, ლოგისტიკურ და საგანმანათლებლო ცენტრად. ამას ცხადყოფს ჩვენი მოწინავე პოზიციები წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში.

ჩვენი ქვეყნის უნიკალური გეოგრაფია, სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ცივილიზაციათა შეხვედრის, კულტურათა დიალოგის მიმზიდველ ადგილად ხდიდა. ჩვენ დღესაც ვასრულებთ ამ ფუნქციას და შესაბამისად, ვახორციელებთ ამბიციურ და საპასუხისმგებლო პროექტებს.

რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ამ ტრიბუნიდან მივმართეთ მსოფლიოს და შევთავაზეთ “აბრეშუმის გზის ფორუმის” ჩატარება საქართველოში. ჩვენ ეს ფორუმი არა მარტო რეალობად ვაქციეთ, არამედ ამით საქართველომ დაიბრუნა ისტორიული როლი აბრეშუმის გზის დიდ რეგიონში.

დღეს კი მსურს, ახალი ინიციატივით გამოვიდე და შემოგთავაზოთ “თბილისის ფორუმის” ჩატარება, რომლის მთავარი მიზანი იქნება შავი ზღვის რეგიონი და კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია – გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობის და განვითარების სივრცედ.

საქართველოს ყველა მიღწევა, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რეგიონში ლიდერის პოზიცია მრავალი მიმართულებით, სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგია, რაც კონსტიტუციითა და პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით გახლავთ გამყარებული.

დინამიკური და ყოვლისმომცველი გახდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები. საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა, იგი გახლავთ ალიანსის „გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორი” და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატოს მისიაში, რითაც საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების თვალსაზრისით.

მოგეხსენებათ, რამდენად შემაშფოთებელია საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხე, რომელიც დღეს გაცილებით დიდი და ფაქტობრივად ყოვლისმომცველია, ვიდრე ოდესმე. ტერორიზმი 21-ე საუკუნეში ყველასთვის საერთო მტერია. ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო იდგა და ყოველთვის იდგება საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. სამწუხაროდ, მრავალი რჩეული ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ამ გლობალურ ბრძოლას.

ყველა ვთანხმდებით, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობის გაზიარებით არის შესაძლებელი, ისევე, როგორც მისი პრევენცია და მასზე ადეკვატური რეაგირება. მე მჯერა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ამ საერთო გამოწვევას.

ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველოს სატკივარი არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა.

2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია მსოფლიოს მიერ მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემად იყო აღქმული.

მოვლენების შემდგომმა განვითარებამ უკრაინაში გამოაჩინა, რომ მაშინდელი მსოფლიო თანამეგობრობა არ აღმოჩნდა მზად, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მიეცა ამ აგრესიისთვის.

სამწუხაროდ, გაერო – არაეფექტური აღმოჩნდა ამ გამოწვევების წინაშე. მეტიც, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს გლობალური უსაფრთხოების სისტემური ეროზია. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება უფრო ძლიერი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

დღეს მსოფლიო საზოგადოება საჭიროებს ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც შეძლებენ, არსებულ გამოწვევებს მისცენ კონკრეტული შეფასება, მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და ასევე იმ რისკების პრევენცია, რომლებიც ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას.

მოგეხსენებათ, გაეროს რეფორმირების საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოდის, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საქმეში სერიოზულ წარმატებებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომაც, გაეროს რეფორმირების საკითხი კვლავ აქტუალურია და ვფიქრობ, სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.

დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი ეპოქის გამოწვევებისა და ჯერ კიდევ უცნობი პრობლემების წინაშეა, თითოეული ჩვენგანის და ყველასი ერთად ამოცანაა, ვიზრუნოთ და ერთობლივად გადავლახოთ გლობალური გამოწვევები იმისთვის, რომ მშვიდობიანი და უკეთესი მსოფლიო დავუტოვოთ მომავალ თაობებს!

დიდი მადლობა!“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button