ანალიზიდაწვრილებით

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომზე

Tags

მმართველი გუნდის მხრიდან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. Civil.ge ამ განცხადებების ქრონოლოგიას გთავაზობთ.

6 აგვისტო 2018: ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო. ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ასევე ევროკავშირი ადასტურებდა. ჩვენ ამას არ გადავხედავთ და ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი, ერთ რამეს გეტყვით, პროვოკაციებს არ ავყვები იმიტომ, რომ როდესაც ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო.

8 აგვისტო 2018: თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, იმის თუ რა მოხდა, მაშინ მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას: როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როდესაც დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ დროს, როდესაც საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა.

იმ დროს, როდესაც საქართველო იყო გაფრთხილებული, თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როდესაც შენ დახმარების იმედი არ გაქვს, როდესაც შენ უპირატესობა არ გაქვს, როდესაც მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ შენ სიურპრიზით იმოქმედო, როდესაც ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან… ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზეც ანალიტიკოსები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ.

9 აგვისტო 2018: ამ ორი დღის განმავლობაში, მოვისმინე არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია აგვისტოს ომზე, ჩემს კომენტარებზე.

1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი.

რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰქონდა, 2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

2. კითხვაზე შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანიდიახ. მეტიც სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად.

ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია.

ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არცერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლეა ნაციონალებისა და მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.

და ბოლოს, ჩემთვის რაიმეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა.

ეს არის ჩემი საბოლოო კომენტარი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. წინ გველის საინტერესო საპრეზიდენტო, ევროპული კამპანია, რომელიც უმეტესად მომავალზე საუბრის ფონზე უნდა წარიმართოს.

11 აგვისტო 2018: კიდევ გავიმეორებ, მაგრამ მგონი, უკვე აღარავის აინტერესებს – ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო და ამის პირველი მსხვერპლი ვართ მე, ჩემი ოჯახი და ყველა ემიგრანტი…გააჩნია, როგორ ვითვლით, ეს ომი დაწყებულია ან 1783 წლიდან, ან 1801 წლიდან, ან 1921 წლიდან, მაგრამ ეს არის რუსეთის იმპერიალიზმის საუკუნოვანი ომი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს დროშას ვატარებდით ემიგრაციაში, როდესაც აქ, პირობებიდან გამომდინარე, არავინ იცოდა რა იყო სამფერიანი დროშა და რას ნიშნავდა ამ დროშის და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის არსის დაცვა უცხოეთშიომი რომ რუსეთმა დაიწყო, ფაქტია და თუ ეს ამ ქვეყანაში ვინმემ არ იცის, ეს პრობლემაა.

რა მოხდა 2008 წელს? ეს უნდა ვკითხოთ ყველა პრეზიდენტს, იმიტომ რომ, ჩვენთვის არსებითი კითხვაა. ეს საფრთხე ჩვენს წინაა. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ამ რეგიონში და მსოფლიოში და როგორი მმართველობაა დღეს რუსეთში. ანუ იმის ფიქრი, რომ ეს საფრთხე ხვალ შეიძლება არ განმეორდეს, ეს აბსურდია. მე ვამბობ, რომ პრეზიდენტის მოვალეობაა, ამ ქვეყანას ააცილოს ასეთი საფრთხე, რათა ახალი ტერიტორიები არ დაიკარგოს და რაც შესაძლებელია, ყველაფერი იღონოს თავის პარტნიორებთან ერთად და არა პარტნიორების რჩევის წინააღმდეგ.

ამას გვეუბნებოდნენ ამერიკელი პარტნიორები, ამას გვეუბნებოდნენ ევროპელები და ამისთვის გვეხმარებოდნენ კიდეც ჩვენი პარტნიორები. არაერთი გაფრთხილება იყო, რომლის მოწმე მეც ვიყავი, იმიტომ რომ, იმ დროს ოპოზიციაში ვიყავი და გვხვდებოდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. მინდა ერთი რამე გაგახსენოთ, რომ თუნდაც იმ დროს, როდესაც მე ვმუშაობდი რუსული ბაზების გაყვანაზე, იმ დროს, რუსეთთან მოლაპარაკებების პერიოდში, შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ, ვცდილობდი შევხვედროდი ამერიკელ პარტნიორებს და ევროკავშირის იმდროინდელ თავმჯდომარე ქვეყანას, რადგან ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, ამ ურთულეს რეგიონში, არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ სრულ თანხვედრაში სტრატეგიულ თუ არასტრატეგიულ, ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ დავრჩით მარტო, ჩვენი ტერიტორიების ფასად დავრჩით მარტო.

24 აგვისტო 2018: მე ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, რომ ომი დაიწყო წინა საუკუნის დასაწყისში, ომი არ გაჩერებულა რუსეთთან და ეს იყო ერთ-ერთი საომარი მოქმედება, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა. ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს სააკაშვილის ბრალია  და მას უნდა ვთხოვოთ ამაზე პასუხი. დანარჩენი არის საკმაოდ სასაცილო.

ვინ დაიწყო პროვოკაციები? ვინ დაიწყო ომი? – ეს იყო მუდმივი. მე 2004 წელსაც ვიყავი მინისტრი და ვიცი როგორ შემოდიოდნენ მაშინაც როკის გვირაბიდან. მე ამ თემაზე თავისმართლების ფორმატში არასდროს ვიქნები და ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე ცდილობენ, რომ რაღაც ნიშნისმოგებით მელაპარაკონ.

11 სექტემბერი 2018: მე ოდითგან და, მგონი, დაბადებიდან ვამბობ, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი და რუსეთმა დაიწყო ომი და ჩვენ ეს ვიცოდით.

მე რას ვამბობ – მე ვამბობ, რომ პრეზიდენტი როდესაც ხარ შენი მოვალეობაა, როდესაც გაფრთხილებენ ამერიკელები, გაფრთხილებენ ევროპელები, როდესაც ჩვენს საზღვარზე ძალიან დიდი მასშტაბით წვრთნები მიმდინარეობს, როდესაც ეს ყველა მონაცემები გაგაჩნია, როდესაც იცი რომ ცხინვალი არის დაცლილი. შენ როდესაც ხარ საქართველოს პრეზიდენტი და აშკარა პროვოკაცია არის მოწყობილი რუსეთის მიერ და ამაზე სპეციალურად ჩამოდის კონდოლიზა რაისი (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი) , რომ გითხრას – გაუფრთხილდით, ნუ აჰყვებით პროვოკაციას და როდესაც ამ პროვოკაციას აყვები და ამის გამო დავკარგავთ ტერიტორიებს, მე ვამბობ, რომ ეს არ არის პასუხიმგებლიანი ქცევა  საქართველოს პრეზიდენტის.

როდესაც მე ვიქნები პრეზიდენტი ჩემი მთავარი მოვალეობა იქნება ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა. იმისთვის, რომ დაიცვა შენ უნდა იყო სადარაჯოზე, რომ პროვოკაციას არ წამოეგო. ისე უნდა მოიქცე, რომ არ მიიყვანო ოკუპაციამდე.

სააკაშვილს თავის დროზე ჰქონდა უზარმაზარი კონტაქტები, ძალიან დიდი მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე გამოყენება ამ მხარდაჭერის შემდგომ იმისთვის, რომ ვითომ მოგებული ომი ეზეიმა თავის ზოგ პარტნიორთან ერთად.

დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ რომელიმე პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები.

მართალია ცხინვალი იყო დიდწილად დაცლილი რუსების მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი, იქ შეიძლება კიდევ სხვა რამე იყო – გარიგებები, ეს ისტორია არ დაწერილა ბოლომდე… უნდა ვიცოდეთ რა გვაქვს ზურგს უკან იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. მე ხომ არ ვამბობ, რომ რუსეთმა არ დაგვბომბა?

მე ამის პირობას გაძლევთ, რომ [ამ განცხადებებს] ჩემი და საქართველოს წინააღმდეგ ვერავინ გამოიყენებს, იმიტომ, რომ დიპლომატია საკმაოდ კარგად ვიცი და ზუსტად ვიცი რა შეიძლება საერთაშორისო დონეზე და როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ რაღაც მოქმედებები ჩავატარეთ, რომელიც იყო პროვოკაციაზე წასვლა იმ დროს, არ ნიშნავს რომ რუსეთმა არ დაგვბომბა, რომ რუსეთი არ შემოვიდა და რუსეთი არ არის აგრესორი.

    This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

    Show More

    Related Articles

    Back to top button