skip to content
ახალი ამბები

კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმს თბილისში პროტესტი მოჰყვა

კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმს, რომელშიც რუსი და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ჟურნალისტების მონაწილეობდნენ, თბილისში სამოქალაქო ჯგუფებისა და ოკუპაციის მოწინააღმდეგ აქტივისტების კრიტიკა მოჰყვა.

მედიაფორუმი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდი აფინანსებს და რომლის ორგანიზატორიც ორი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია – „ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრი“ და პრეს-კლუბი „თანამეგობრობაა“, ქართულ ინტერნეტგამოცემა – „საქართველო და მსოფლიოსთან“ ერთად დღეს გაიხსნა და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ორგანიზატორების თქმით, სამხრეთ კავკასიის ფორუმი სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცების საქმეში“ რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ და მედიამოვლენებზე სემინარებსა და მრგვალ მაგიდებს მოიცავს, სადაც რუსი ჟურნალისტები წამყვანი ექსპერტების როლს ასრულებენ.

დღეს დილით, „ვერე პალასთან“, სადაც ფორუმი იმართება, პლაკატებით ხელში წარწერით „Stop Russia“ რამდენიმე ათეული მომიტინგე შეიკრიბა, რომლებიც სკანდირებდნენ „რუსეთი ოკუპანტია“ და საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატურ რეაქციაზე პროტესტს გამოთქვამდნენ.

მათ აქცია პერფორმანსიც გამართეს და იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება რუს ოკუპანტებს მიესალმება, ქართული ხალხური მუსიკის თანხლებით, ტრადიციული ქართული სუფრა გაშალეს.

„ჩვენი აქცია პერფორმანსი, ლუსტრაციაა ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკის“, – წერს ანა ჭარხალაშვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თავის Facebook-ის გვერდზე.

კიდევ ერთმა მომიტინგემ კობა კოსტავამ Civil.ge-ს განუცხადა, რომ მათ ხელისუფლებისთვის მხოლოდ გზავნილის გაგზავნა სურდათ. „ეს არის პირდაპირ, დეკლარირებულად, პუტინის გრანტით დაფინანსებული პროექტი და, მგონი, ჩვენი უშიშროების სამსახური უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს არანაირი მედიაფორუმი არ არის. რეალურად ეს არის სამუშაო შეხვედრა რაც ემსახურება იმას, რომ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რაც შეიძლება კოორდინირებულად მუშაობდნენ ერთმანეთში, სხვადასხვა ქვეყნებში და ავრცელებდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ყალბ ინფორმაციას“, – განაცხადა მან.

„საქართველო და მსოფლიოს“ წარმომადგენელმა ეკა ნასყიდაშვილმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ფორუმი არა პროპაგანდისტული ღონისძიება, არამედ იდეების გაცვლის პლატფორმაა. მისი თქმით, თბილისი მსგავს ფორუმს უკვე მეოთხედ მასპინძლობს.

იმავე გამოცემის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა კონსტანტინე ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები საქართველოს არ წაადგება და საქართველოსა და რუსეთს შორის მანძილს კიდევ უფრო გაზრდის, რაც „ამერიკელების ინტერესებშია“. „მხოლოდ დიპლომატია და დიალოგი თუ გამოგვიყვანს იმ ჩიხიდან, რომელშიც ქვეყანა ნაციონალურმა მოძრაობამ და ახლა უკვე ოცნებამ შეიყვანეს“, – განუცხადა მან Civil.ge-ს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button