ევროპის მოამბე – 18 სექტემბერი
?????? ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლისას ქარაგმულად ახსენა “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – რუსული გაზსადენი, რომელსაც მისი მშობლიური გერმანია ვერ ელევა. როდის იყო, ჟურნალისტები ქარაგმებით კმაყოფილდებოდნენ, ჰოდა ჩაეკითხნენ თურმე ქალბატონ ურსულას, რას ფიქრობთო. გაგიკვირდებათ და, მასაც საკმაოდ პირდაპირი პასუხი გაუცია, თანაც ისეთი, რომელიც მისი მეგობრისა და ყოფილი უფროსის ანგელა მერკელის მოსაზრებას ეწინააღმდეგება: ეს გაზსადენიო, უთქვამს ქალბატონ კომისარს, მთლად ეკონომიკური პროექტი არაა და პოლიტიკური განზომილება აქვსო. ჰოდა თუ ასეაო, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი განხორციელების ხათრით რუსეთი უკეთესად კი არ იქცევა, სულ უფრო გავიდა თავს და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთო. თითქმის აშენებული გაზსადენის თაობაზე ევროპაში განწყობა რომ იცვლება იქედანაც ჩანს, რომ გასულ კვირას ევროპარლამენტის რეზოლუციამ მოუწოდა თავის დედაქალაქებს შეაჩერეთ მშენებლობაო. რაც მთავარია, ახლა ჟურნალისტებს ხმის მიცემის სია კარგად შეუსწავლიათ და, თურმე, ყველა დიდი პოლიტიკური ოჯახის უმრავლესობას ამ მოთხოვნისთვის დაუჭერია მხარი. მათ შორის, ევროპის სახალხო პარტიის გერმანული დელეგაციის უმრავლესობასაც. მხოლოდ ორი მცირე ჯგუფია გაზსადენის შენების მომხრე – ულტრამემარჯვენეები და ულტრამემარცხენეები…არც ესაა გასაკვირი. ოღონდ, ემანდ რუსეთს თავისივე ანდაზა არ მოუბრუნდეს – ევროპელები მარხილში ცხენებს ნელა კი აბავენ, მაგრამ მერე კი სწრაფად დადიან…
???? ალექსანდრე ლუკაშენკომ სოჭში პრეზიდენტ პუტინთან კურკურის შემდეგ ჩანს გული საგულეში დაიგულა და მუშტებზეც დაიწყო ყურება: ჩვენაო, უკრაინა, ლიტვა და პოლონეთი გვემუქრებაო, უთქვამს და ამ ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტილად გამოუცხადებია. თანაც დაუმატებია, ამისათვის რუსეთთან მიმდინარე სამხედრო წვრთნებს გავახანგრძლივებ და ჯარებს დასავლეთ საზღვრისაკენ გადავისვლიო. ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ დარბოდაო, ამაზეა ნათქვამი, ჰოდა, მარტო ლუკაშენკოზე რომ იყოს საქმე ალბათ ევროპელები მხოლოდ ულვაშებში ჩაიღიმებდნენ. ოღონდ, რადგანაც საქმე რუსულ ჯარსაც ეხება, ლიტველებს სულაც არ ეცინებათ. უკვე გასულ კვირაში გააფრთხილეს იქაურებმა ნატოელი კოლეგები, რუსები ჩვენს საზღვრებთან შეტევით ოპერაციების განხორციელებაში ვარჯიშობენო. ამასობაში, პრეზტიჟული ევროპული “სახაროვის პრემიის” ბელარუსი ოპოზიციონერებისათვის გადაცემა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი ჩანს – ამ იდეას თითქმის ყველა დიდი პოლიტიკური ოჯახის წევრებმა მისცეს მხარი. აი ნიქოზია კი კვლავაც ჯიუტობს – ბელარუს ბობოლებზე სანქციებს მანამ არ მივცემ მხარს, სანამ თურქეთს არ დასჯითო. საიდან სადაო…
???? ბელარუსის ამბებმა პოლონეთსა და ლიტვას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მისცა ბიძგი. მათეუშ მორავიეცკი, პოლონელი პრემიერი, ვილნიუსში ჩასულა და იქ ლიტველ კოლეგა საულიუს სკვერნელისთან ერთი სიამ-ტკბილობა ჰქონიათ. იმდენად, რომ ლიტველ პრემიერს სრულიად მოულოდნელად პოლონეთის ფრიად წინააღმდეგობრივი სასამართლო რეფორმისათვის დაუჭერია მხარი და ისიც დაუმატებია, ეგება ჩვენც უნდა მივბაძოთ ვარშავას, აქაური სასამართლო ჯერაცარაა საბჭოური გადმონაშთებისაგან თავისუფალიო. მოულოდნელი განცხადებაა ღმერთმანი, რადგან სწორედ ამ რეფორმის გამო, რომელმაც მთელი სასამართლოს სისტემა მმართველი პარტიის ჯიბეში გადასხა, ევროკავშირი 2017 წლიდან სპეციალურად აკვირდება პოლონეთის კანონიერების სისტემას. ლიტველს უთქვამს, ამ საკითხზე რაიმე სახის სასჯელს ჩვენ ევროპაში მხარს არ მივცემთო. დიდი გამარჯვებაა ვარშავისათვის, რომელის მხარდასაჭერად ბრიუსელში მხოლოდ თავად სამიზნეში ამოღებული ვიქტორ ორბანი თუ გამოაგელვებდა ხოლმე ბედაურს.
☣️ ამასობაში კოვიდ-19 არ ცხრება: ახალი ტალღა და ახალი შფოთვაა საფრანგეთში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში. გერმანიამ ქალაქ ვენის მონახულების მქონე მოქალაქეებს წითელი შუქი აუნთო, ყოველდღიური ინფიცირების ზედმეტად ბევრი შემთხვევააო… ბევრგან დაავადებულები პირველ შეტევასთან შედარებით მსუბუქად გამოდიან, თუმცაღა ჰოსპიტლებიც ნელ-ნელა ივსება. საიმედო ის ამბავია, რომ ერთ-ერთ ცდისპირზე გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემდეგ შეჩერებული “ოქსფორდული ვაქცინის” გამოცდა განახლდა და იმედია წამოგვეწევა თავდაღმართში…