ევროპამთავარი თემა

ევროკავშირის სამიტი: უარი პუტინთან პირდაპირ დიალოგზე

ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერებს სამიტამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინთან უმაღლეს დონეზე შეხვედრის მოწყობა შესთავაზეს. 25 ივნისს, ღამის ორ საათზე, ევროკავშირის ლიდერებმა ეს წინადადება უარყვეს.

შევხვედრის აუცილებლობის დასაბუთება

პუტინთან პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე მაკრონსა და მერკელს შორის ურთიერთგაგება დიდი ხანია არსებობს. ამ თემას უფრო აქტიურად და ხშირად ემანუელ მაკრონი ავითარებდა, მისი თქმით, ევროპის სტრატეგიული მნიშვნელობის ასამაღლებლად. როგორც ჩანს, აშშ პრეზიდენტთან რუსეთის ლიდერის ამასწინანდელი შეხვედრა მაკრონმა იმის სიგნალად აღიქვა, რომ რუსეთთან მაღალი დონის დიალოგის აღდგენის დრო მოვიდა. თუმცა, რადგან მაკრონს ამ საკითხში ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა არ ჰქონდა, იდეის ინიციატორად ანგელა მერკელი მოგვევლინა. მიზეზებზე თავად ლიდერებს მოვუსმინოთ:

  • მერკელი: “როგორც აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ გვიჩვენა, დიალოგი კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზაა… ჩვენ საერთო პასუხისმგებლობა გვაკისრია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების, მაგალითად უკრაინისა და ბელარუსის მიმართ, ასევე დასავლეთ ბალკანეთში, ეს კი ნიშნავს რომ ერთიანი პასუხი უნდა გავცეთ რუსეთის პროვოკაციებს. ამისათვის, ჩემი აზრით, საჭიროა პირდაპირი კონტაქტი ვეძიოთ რუსეთთან და მის პრეზიდენტთან.”
  • მაკრონი: “ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან, რათა დავიცვათ ევროპელების ინტერესები და ვიყოთ მომთხოვნი [რუსეთის მიმართ]… მემგონი ეს სწორი მეთოდია. რუსეთთან დიალოგი აუცილებელია კონტინენტის სტაბილურობისთვის.”

ლიდერების აღშფოთება

ევროპელი ლიდერები გააღიზიანა როგორც ამ წინადადების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, წინასწარი განხილვის გარეშე დაყენებამ, ასევე მისმა შინაარსმაც.

სამიტამდე ბოლო წამს ასეთი წინადადებით გამოსვლა ორ ლიდერს დიპლომატებმა არ მოუწონეს. გამოცემა EUObserver-ს ანონიმურად დარჩენის მოსურნე ევროპელმა დიპლომატმა უთხრა: “ეს წინადადება პუტინის ხელით დაწერილს გავს, შედეგად, მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა გარიყულად გრძნობს თავს. ეს კოშმარია…”, თქვა მან და დაამატა “მაკრონს უნდა, რუსეთთან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მორიგდეს, მერკელს კი სურს, მოსკოვთან ბიზნესის საწარმოებლად გაიხსნას ხელი”.

არსობრივად, შეხვედრის წინააღმდეგ ევროპელი ლიდერები სამიტზე აქტიურად საუბრობდნენ. პოლონეთის პრემიერმა მათეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ჰიბრუდული შეტევების პირობებში უმაღლეს დონეზე საუბრის დაწყება წარმოუდგენელია. ესტონეთის პრემიერმა კაია კალლასმა კოლეგებს შეახსენა, რომ ჟუზებ ბორელის შეხვედრამ სერგეი ლავროვთან კატასტროფულად ჩაიარა. ლატვიის პრემიერმა არტურს კარინშსმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის პირობებში საუბარი წარმოუდგენელია. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კი კოლეგებს შეახსენა, რომ აშშ-რუსეთის უმაღლეს დონეზე დიალოგი სტრატეგიული ატომური შეიარაღების საკითხებზე გამართლებულია, ევროპა კი “პირველ რიგში პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო შექმნილი კავშირია.” ფინეთის პრემიერმა სანნა მარინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომისა და ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი მოქმედებებზე პრინციპული პოზიციის ქონა რუსეთთან უმაღლეს დონეზე საუბარს გამორიცხავს. ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტტემ კი დაამატა, რომ პუტინთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას არ აპირებს.

გერმანია-საფრანგეთის წინადადებას მხარს ავსტრია, დანია, იტალია, კვიპროსი და საბერძნეთი უჭერდნენ. საბოლოოდ ღიად მათ მხარეს მხოლოდ ავსტრია და დანია დარჩნენ.

რა ჩაიწერა საბოლოო განცხადებაში?

სამიტის საბოლოო განცხადებაში მხოლოდ ის ჩაიწერა, რომ “ევროპული საბჭო რუსეთთან დიალოგის ფორმატსა და პირობებზე იმსჯელებს” და ისიც, რომ შესაძლებელია “დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ეკონომიკური სანქციების ჩათვლით” თუკი რუსეთი არ შეწყვეტს თაის “მავნე, უკანონო და დამაზიანებელ საქმიანობას.”

შეხვედრის დასრულების შემდეგ კანცლერმა მერკელმა განაცხადა, რომ “მეტ სიმამაცეს” მოელოდა კოლეგებისაგან, თან დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიდერების დონეზე დიალოგი გამოირიცხა, კარგია, რომ სამუშაო დონეზე კონტაქტების აუცილებლობა დოკუმენტში მაინც აისახა და ამ მხრივ მუშაობას გააგრძელებს.

მიზეზები და შედეგები

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ევროპელი ლიდერები კანცლერ მერკელის წინადადებას უარყოფენ. წარსულში მათი ობსტრუქციის მსხვერპლი ევროკავშირ-ჩინეთის ფართო ეკონომიკური შეთანხმება გახდა. როგორც ჩანს, ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური უმრავლესობა ავტოკრატიული რეჟიმებისადმი უფრო კრიტიკული მიდგომისაკენ იხრება. მერკელისათვის დამახასიათებელი რწმენა, რომ ევროკავშირი პირველ რიგში დიალოგითა და ჩართულობით – მათ შორის ეკონომიკური კონტაქტებით – შეძლებს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხის განეიტრალებას სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველია. ისიც მნიშნველოვანია, რომ ანგელა მერკელის კანცლერობის ვადა იწურება, ამიტომაც მის სიტყვას აღარა აქვს ძველებური წონა. გერმანელი მიმომხილველები იმასაც ამბობენ, რომ კოლეგებთან ნიადაგის მომზადების გარეშე ამგვარი წინადადებით გამოსვლა მერკელისათვის დამახასიათებელი არაა და იმაზე მიუთითებს, რომ კანცლერი გერმანიის შესაძლო მომავალი ლიდერის ინსტინქტებს არ ენდობა.

მერკელის პოლიტიკიდან წასვლის ფონზე ისიც ცხადი ხდება, რომ ემანუელ მაკრონი, დიდი სურვილისდა მიუხედავად, ვერ ასრულებს ერთიანი ევროპის ლიდერის როლს. მისი სწრაფვა ევროპის გეოპოლიტიკური როლის ზრდისადმი აღმოსავლეთ ევროპელების სიმპატიებს კი გამოიწვევდა, მაგრამ წმინდად ფრანგული, ტრადიციული საგარეო-პოლიტიკური მიდგომები – აშშ-ს სტრატეგიული როლისადმი ეჭვი და მისი დაბალანსება, მათ შორის რუსეთთან სტრატეგიული დიალოგით, უსაფრთხოების პოლიტიკის აქცენტი ჩრდილოეთ აფრიკაზე – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელებისთვის უცხო და საეჭვოა.

ამავე დროს, სულ უფრო ნათლად ისმის ხმები (მათ შორის პარიზიდან და ლონდონიდან), რომ რეგიონული ამბიციის მქონე ქვეყნებთან – რუსეთთან და თურქეთთან – ურთიერთობაში ევროპა ერთიანად უნდა მოქმედებდეს. ამ მიდგომის კრისტალიზაციისთვის გადამწყვეტი, ტრადიციულად, ევროპის უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს საგარეოპოლიტიკური კურსის მიმართულება იქნება.

Back to top button