ახალი ამბები

შსს: დაკარგული მესაზღვრეები რუსებმა დააკავეს

Tags

ორი დაკარგული ქართველი მესაზღვრე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლაგოდეხი-დაღესტნის მონაკვეთიდან გაუჩინარდნენ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს.

ინფორმაცია რუსების მიერ ორი მესაზღვრის დაკავების თაობაზე გუშინ დილით გავრცელდა. ადგილობრივი მედიასაშუალების Reginfo.ge-ს ინფორმაციით, მესაზღვრეები 27 ივნისს დააკავეს.

შსს-მ დაადასტურა, რომ ინციდენტი 27 ივნისს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა.

„გარკვეული დროის განმავლობაში, მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც მათი ძებნის ღონისძიება დაიწყო. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში განმარტეს, რომ ქართველ მესაზღვრეებს 29 ივნისს გადმოგვცემენ. „მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკას ესაზღვრება. ზამთრის განმავლობაში, დაღესტანში გადასასვლელი გზები დაკეტილია, თუმცა ზაფხულობით ისინი იხსნება, რის გამოც, დროებითი საზაფხულო საგუშაგო პოსტების გახსნის საჭიროება დგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button