skip to content
ახალი ამბები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას მოსახლეობამ აქცია გამართა

ახალქალაქის რაიონის სოფელ სულდაში მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა და თურქეთისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ადგილობრივი მედიის ცნობით,  მოსახლეობამ საპროტესტო აქციის გამართვა და გზის გადაკეტვა წინა ღამით 65 ძროხის მოპარვის გამო გადაწყვიტა.

სააგენტო jnews-ის ინფორმაციით, სულდასა და მის ახლო მდებარე სოფლების მოსახლეობის პროტესტს საგარეჯოელი მწყემსებიც შეუერთდნენ. ისინი საქონელს ჯავახეთის მინდვერბზე, თურქეთის საზღვართან ახლოს მწყემსავენ.  

მოსახლეობის განმარტებით, ღამით, მწყემსებს თავს ოთხი ადამიანი დაესხა, ხელები შეუკრეს და საქონელი გაიტაცეს. ერთ-ერთი მწყემსის თქმით, გამტაცებლები თურქულად საუბრობდნენ. მათივე ინფორმაციით, საქონლის ქურდობა ხშირი შემთხვევაა.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საქართველო-თურქეთის საზღვრის კონტროლის გაძლიერებაა.

მედიის ინფორმაციით, აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და მოსახლეობას სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდნენ. ამ დროისთვის, აქცია დასრულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აღიძრა, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ინფორმაციით, საქმის გამოძიებაში თურქული მხარეც ჩართულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button