მთავარი / ახალი ამბები / პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპულ გზა" სიტყვით გამოდის, 14 ივნისი, 2018, ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili/

პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში გამართულ მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებაზე და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმ ოთხი „უმაღლესი თანამდებობის პირიდან“, ვისთანაც მას უმუშავია ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი „ყველაზე კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო“, რომელსაც „ნათლად განსაზღვრული და გასაგები“ ხედვა ჰქონდა იმისა, „რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას“.

პრეზიდენტის შეფასებით, იმ ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, რომელსაც კვირკაშვილის გუნდი ხელმძღვანელობდა, „საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა“ უმაღლეს დონეზე არ ასულა, ამის მიუხედავად, ის მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილის გუნდის მიერ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, „ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი“.

მარგველაშვილის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც მან პარლამენტში სწორედ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა, მაშინ მმართველ გუნდში „სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს“ და „უცებ UNICEF-ის კვლევამ გასაგები გახადა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები“.

პრეზიდენტისთვის „სრულიად გაუგებარია“, როდესაც იმ მთავარ პრობლემებზე არ მიმდინარეობს მსჯელობა, რასაც „საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის“ და რომელიც „მართლმსაჯულების საკითხებს“ ეხება. ამის ფონზე, „ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ, თურმე, UNICEF-ის კვლევიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს, როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ იმ დროს როდესაც პრემიერ-მინისტრების თანამდებობებიდან წასვლისას, ჩვენ ვისმენთ, რომ ისინი წარმატებული პრემიერ-მინისტრები იყვნენ, „საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ მიდიან უცებ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებულები“.

პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ ის „მასკარადი“, როდესაც „უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები“ უნდა დამთავრდეს. მისივე შეფასებით, ეს გაუგებარია, როგორც „საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც“. მისივე განმარტებით, თუკი საუბარია „ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე“, უნდა გვესმოდეს, რომ „იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები“. შესაბამისად, ის ბიძინა ივანიშვილს, როგორც მმართველი პარტიის ლიდერს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას სთავაზობს. „ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს კონფერენციაზევე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, „მაღალი სტანდარტებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო“ და ქვეყანა სწორედ „ამ სტანდარტების შესაბამისად” იმართება. მისი განმარტებით, ქვეყანამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, “მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ყველა მიმართულებით“ და „ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში“. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრებისა და მთავრობის ცვლა არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან და იმ პროგრესიდან გადახვევას, „რომლისკენაც აიღო გეზი ჩვენმა ქვეყანამ, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ“.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისასა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის გამოსვლა კიდევ ერთხელ შეაფასა და მას „არასერიოზული“ უწოდა.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ, საღამოს დატოვა და ამის მიზეზად, მმართველი პარტიის წევრებთან ეკონომიკურ პოლიტიკაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

This post is also available in: ინგლისური, რუსული

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.