ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა

Tags

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში მათთან შეხვედრა ცალ-ცალკე გაიმართა. შეხვედრებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გასული წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პრემიერმა მათ პირობა მისცა, რომ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას „პირად კონტროლს გაუწევს“.

„ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებზე, იმ პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და აგრეთვე მის უდანაშაულოდ ცნობას”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ პასუხი, რომ „ხვალ დაისჯება დამნაშავე“, არ მიუღიათ, თუმცა „გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მასზე რეაგირება აუცილებლად იქნება“, – განმარტა მარიამ კუბლაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ადვოკატის განცხადებით, ისინი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, გონივრული ვადის ფარგლებში [10-14 დღე] დააკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუკი „დამნაშავის დასჯა არ მოხდება“, საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

გაცილებით უფრო დიდხანს გაგრძელდა შეხვედრა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამასთან ზაზა სარალიძესთან.

შეხვედრიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ „იგივე პოზიციაზე რჩება“ და ხელისუფლებას დამნაშავეების დასადგენად ათდღიან ვადას აძლევს. ის, როგორც უშუალოდ მკვლელის, ისე იმ ადამიანების დასჯასაც ითხოვს, ვინც „მფარველობდა საქმის გამოძიებას“. მანვე განმარტა, რომ ხელისუფლებისთვის მიცემულ ათდღიან ვადაში, საპროტესტო აქციები პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

„ყველაფერი უცვლელი რჩება – სისტემა უნდა დაინგრეს, თუ ესენი გონს არ მოვლენ“ – აღნიშნა მან. კითხვაზე რა პოზიცია ჰქონდა პრემიერს, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ „პრემიერმა განმიმარტა, ახლავე დავტოვებ თანამდებობას, მაგრამ [ამ საქმეზე] ჯერ კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებიო“.

დღის ბოლოს, პრემიერი ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვანის ლევან დადუნაშვილის მამას და მის ადვოკატსაც შეხვდა.

შეხვედრების შემდეგ მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რომლებზეც ამ დღეების განმავლობაში, კითხვები არსებობდა.

მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ინფორმაციით უზრუნველყოფის ფორმატის შექმნის შესახებ, რათა „სარალიძის ოჯახს მუდმივად, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა“.

მას შემდეგ, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა ზაზა სარალიძესთან შესახვედრად მზადყოფნა გამოხატა, მთავრობის კანცელარიასთან ზვიად კუპრავა და ოპოზიციური პარტიის რამდენიმე ლიდერი გამოჩნდა. მათ ზაზა სარალიძისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე დასწრება სურდათ.

მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თანდუმაძემ გაახმოვანა და განაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ზაზა სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ადვოკატს შეხვდება“. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრებოდნენ.

გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან მათთან შეხვედრაზე უარის თქმის შემდეგ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ ზაზა სარალიძემ გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს განაცხადა. მისი თქმით, ის 4 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებათან ერთად მივიდოდა. 

დღეს დილით, პრემიერის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის მშობელს, „პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე“.

დღის ორი საათისთვის პარლამენტთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ და პრემიერის ეს განცხადება გააკრიტიკეს. ისინი განმარტავდნენ, რომ პრემიერთან შეხვედრის ფორმატი ზაზა სარალიძის გადასაწყვეტი იყო და ისინი მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ადვოკატის უკმაყოფილების მიზეზიც გახდა. მათი განმარტებით, ეს პრემიერის მხრიდან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია იყო. თუმცა, საბოლოოდ, გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძესაც შეხვდა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც.

პრემიერთან შეხვედრების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები მიმდინარეობდა. მათი განმარტებით, ისინი სამოქმედო გეგმის დეტალებს განიხილავდნენ. ისინი კვირას 10 ივნისს ფართომასშთაბიანი აქციის გამართვისთვის ემზადებიან.

დღესვე, საღამოს შვიდ საათზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა ვაკის პარკშიც. აქციის ორგანიზატორები, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ. რუსთაველის გამზირზე რჩებიან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებიც და დემონსტრანტების მცირერიცხოვანი ჯგუფიც.

დღეს, ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა მწერლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმაც. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button