ახალი ამბები

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ

Tags

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, ორ ივნისს ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ, მათ შორის ერთიანი ნაციიონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ახალი საქართველო და ახალი ერთობა საქართველოსთვის. ისინი დღეს, ექვს საათზე პარლამენტთან „საინფორმაციო მიტინგს“ გამართავენ და საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

პარლამენტის წინ აქცია გუშინ დაახლოებით ექვსი საათისთვის დაიწყო. აქცია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავდნენ. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციის მიწურულს, მომდევნო დღის გეგმის შესახებ ინფორმაციის გასაჟღერებლად, მიკროფონთან ერთ-ერთ ორაგნიზატორი ზვიად კუპრავა მივიდა.

კუპრავამ განაცხადა, რომ „ეს აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში. შეიძლება გავაგრძელო მარტო მე, მაგრამ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ მანამ, სანამ არ ჩამოიშლება ივანიშვილი საბოლოოდ“.

მისივე განმარტებით, ის დაწყებულ საქმეს არ შეწყვეტდა და ბოლომდე მიიყვანდა. კუპრავამ აქციაზე მისვლისკენ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა. „მოიხმეთ თვენი ხალხი პარტიებო, დაუძახეთ თქვენს ხალხს ზუგდიდიდან, დაუძახეთ თქვენს ხალხს კახეთიდან…თორემ თქვენც გაქრებით და ყველა გაქრება“, – განაცხადა, მან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციებისთვის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისისკენ გაემართა.

გზად მან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „მე და ზაზა [სარალიძე] ვიყავით მეგობრები, ვართ მეგობრები და დავრჩებით მეგობრები, მაგრამ ჩვენ არა ვართ თანამებრძოლები“. ჟურნალისტის კითხვას, ზაზა სარალიძეც იზიარებს, თუ არა პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართვის იდეას, კუპრავამ უპასუხა, რომ „არა“. მანვე განაცხადა, რომ ის არ შევიდოდა არც „ბუტკაში“ და არც „კარავში“.

მალევე მიკროფონთან ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე გამოჩნდა და განმარტა, რომ მათი ინფორმაციით, „გახარიას უწყება აპირებს ზვიადის [კუპრავა] გაქრობას“ და „ჭეშმარიტების მიღწევაში“ მთელ საქართველოს დახმარებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, „დღეს ყველანაირ პროვოკაციაზე წამოვიდა ხელისუფლება“. „ძირს ხელისუფლება“, – განაცხადა მანვე. „კიდევ დგამენ ნაბიჯებს, რომ აბსოლუტურად გაგვანეიტრალონ არ მივცემ მე არავის ამის საშაულებას“, – თქვა სარალიძემ.

მოგვიანებით, ზაზა სარალიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და დახმარება ახლა უკვე „ყველა პოლიტიკურ პარტიას“ სთხოვა. მისი განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან, ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს და უცნობი მამაკაცები მის გაყვანასაც ცდილობდნენ. მანვე ზვიად კუპრავასთან რაიმე ტიპის უთანხმოება ან დაპირისპირება გამორიცხა.

ზაზა სარალიძის მოწოდებიდან მალევე, ადგილზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად, პარლამენტის წინ დაბრუნდა ზვიად კუპრავაც. მისი თქმით, საზოგადოების „დაშლისა“ და „დაქსაქსვის“ „სუსის ორდღიანი მცდელობა“ გაერთიანების საფუძველი გახდა. „ხალხი სისტემის წინააღმდეგ, ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა კუპრავამ და ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად, ზაზა სარალიძესთან კონსულტაციების გასამართად კარავში შევიდა.

ხანმოკლე კონსულტაციების დასრულების შემდეგ, ზვიად კუპრავამ შეკრებილებს ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მიმართა და განაცხადა, რომ მათ გაიმარჯვეს. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. მათ საზოგადოებას, „ივანიშვილის სისტემის“ ცვლილებისთვის გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მთელი სისტემა ძალოვანი სტრუქტურით დაწყებული, პოლიტიკური ხელმძღვანელობით გაგრძელებული“, გამოირჩეოდა ცინიკური დამოკიდებულებით. მისივე განმარტებით, ამ ქვეყანაში სისტემა არის ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და ეს ადამიანი „მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდეს“.

ხელისუფლების ცვლილებაზე გაამახვილა ყურაღდება ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.  მისი თქმით, ქართული ოცნება და დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა, უნდა დამთავრდეს”.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განმარტებით, გაერთიანებულია თითქმის ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა და კონსულტაციები კვლავაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ისინი მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და ამ გეგმას საზოგადოებას ექვს საათზე, პარლამენტის წინ დღეს დაგეგმილ აქციაზე გააცნობენ.

ადგილზე იყვნენ პოლიტკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელებიც. მათი განმარტებით, ისინი ზაზა სარალიძის აქციების ფორმით მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებენ. რაც შეეხება „უფრო კონკრეტული თანამშრომლობის სახეს“, ოთარ კახიძის თქმით, ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება.

საპროტესტო აქციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასული წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნის საქმეზე 31 მაისის გადაწყვეტილებას მოჰყვა. სასამართლომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომასა და საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა. თუმცა, საპროტესტო აქციები ამით არ დასრულებულა.

თბილისში, პარლამენტის წინ, დემონსტრაციები უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. იქ შეკრებილები სამართალდამცველი სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში, მხარდამჭერი აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button