skip to content
ინტერვიუ

Freedom House რუსთავი 2 – ის, მუხთარლისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ

მარკ ბერენტი Freedom House – ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორია. ორგანიზაციის ბოლო ანგარიშზე და დოკუმენტის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე, მას ამერიკის ხმის ჟურნალისტი ნანა საჯაია ესაუბრა.

თქვენი აზრით, საქართველოში რა იყო გასული წლის მთავარი მოვლენა?

ჩვენ ვნახეთ მთავრობის კონსოლიდაცია, პროცესები, რომელიც თან საკონსტიტუციო ცვლილებებს ახლდა, ჩართულობით არ ხასიათდებოდა. პროცესმა პარლამენტის ყველა მხარის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე კონსენსუსი ვერ შედგა.

ფრიდომ ჰაუსის ყველა ანგარიშს კრიტიკულად ეხმაურება საქართველოს მთავრობა. წელს კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენი სანდოობა დააყენეს. სხვა ქვეყნებში მსგავსი გამოცდილება თუ გაქვთ?

ქვეყნები ამ ანგარიშებს სერიოზულად ეკიდებიან, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია. ანგარიშებს იმისთვის ვამზადებთ, რომ ამ საკითხებზე დისკუსიები გაიმართოს. წელს, საქართველოში ჩვენს ანგარიშს მხოლოდ მთავრობა არ გამოეხმაურა. მთავრობაზე თავდასასხმელად ის ოპოზიციამაც გამოიყენა. ზოგჯერ ეს შიდა პოლიტიკური დავის საგანი ხდება, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.

თქვენი აგნარიშის კრიტიკისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვლევა 2012 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს არ ასახავს.

ჩვენ ვიკვლევთ რა ხდებოდა გასულ წელს. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ მცირედი უკუსვლაა, ჩვენ ამას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის დროინდელ მონაცემს არ ვადარებთ. კონკრეტულად გვაინტერესებს რა ხდებოდა ამ წელს. ამიტომაც, თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცებას და აზერბაიჯანისთვის გადაცემას, არ შეიძლებოდა ამ შეფასებაზე გავლენა არ ჰქონოდა. ცხადია, რომ ამ საქმეში მთავრობის რომელიღაც ნაწილი მონაწილეობდა. შეუძლებელია, რომ მსგავსი მოვლენა შეფასებაზე არ აისახოს.

მედიის ნაწილში თქვენ ყურადღებას რუსთავი 2 – ის ნაწილზე ამახვილებთ. რატომ არის რუსთავი 2 – ის საქმე ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოსა და მისი დემოკრატიის შეფასებისას?

დაარსების დღიდან, რუსთავი 2 – მა ქართულ მედიაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ის ყოველთვის იყო მედიასაშუალება, რომელსაც ხალხი უსმენდა. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმით, თუ კონკრეტულად ვინ ფლობს რუსთავი 2 – ს. ჩვენ ვიცით, რომ მან წინა მთავრობის დროს, მმართველები რამდენჯერმე შეიცვალა. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ იქნება მისი მფლობელი, მაგრამ გვაღელვებს პროცესი, რომელშიც მისი მფლობელობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. კარგია, რომ საქრთველოს მთავრობამ ევროპის სასამართლოს მოუსმინა, მაგრამ გასათვალისწინებელია თავად ფაქტი, რომ ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენი ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ. თუმცა, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება. რა იცვლება ამით?

საინტერესოა. ვუყურებ როგორც დადებითაც, ასევე უარყოფითად. კარგია, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩართული ის ადამიანი იქნება, რომელსაც დიდი გავლენა აქვს და პოლიტიკოსები უსმენენ. ამგვარად, ის ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოების წინაშე. მეორეს მხრივ კი, როდესაც პოლიტიკაში მილიარდერი ერთვება, პოლიტიკაში მისი ფულის როლის შესახებ კითხვები ჩნდება. ეს ყველგან პრობლემაა, განსაკუთრებით, ისეთი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.

მასალა civil.ge – ისთვის ამერიკის ხმამ მოამზადა. მისი გამოყენების შესახებ დეტალური ინფრომაციისთვის, გთხოვთ, ადამ გარტნერს მიმართოთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button