Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დაიბრუნა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა და მისმა პარტნიორმა ჯარჯი აქიმიძემ 2 აპრილს კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი დომენით Rustavi2.com გათიშეს. მათი თქმით, რეგისტრაციის დღიდან დომენი მათ "საკუთრებაშია" და ინფორმაციის განთავსებისთვის თავად გამოიყენებენ.

„ეს საიტი და ეს დომენი იყო ჩვენი და ამიტომ დავიბრუნეთ… ჩვენ გვჭირდება რესურსი, რომ დავაბალანსოთ რუსთავი 2-ის აქტიური პროპაგანდა ჩვენს წინააღმდეგ, დამფუძნებლების წინააღმდეგ. ისე აღარ იქნება, რომ ჩვენმა საიტმა, რომელიც ჩვენ გვეკუთნოდა, იმუშაოს ჩვენს წინააღმდეგ, თან უფასოდ ჩემს ხარჯზე“,-  3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით დვალმა განაცხადა.

რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებგვერდის გათიშვის თაობაზე ინფორმაცია 2 აპრილს გადაცემა P.S.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის გადაცემაში გაახმოვანა. მისი თქმით, დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზეც იყო თავის დროზე რეგისტრირებული მისამართი Rustavi2.com „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“ გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა.

„ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებგვერდი მთლიანად განთავსდება მისამართზე Rustavi2.ge“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მსვლელობისას.

2 აპრილს საიტის ძველ ვებმისამართზე Rustavi2.com დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადება დაიდო, სადაც ნათქვამია, რომ „ვებგვერდის მიზანია კომპანია რუსთავი 2-ის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების თანმიმდევრული გაანალიზება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის და საერთოდ, მიმდინარე პროცესის ირგვლივ ჩვენი პოზიციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა“.

დავა რუსთავი 2-ის საკუთრების თაობაზე კვლავ გრძელდება.

მსგავსი/Related

Back to top button