მთავარი / ახალი ამბები / პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა
პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში, 2 მაისი, 2018, ფოტო: president.gov.ge

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2 მაისს პარლამენტში მეხუთე და ბოლო ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებთან ერთად  იმყოფებოდნენ: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, დევნილობაში მყოფი აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის მთავრობების წარმომადგენლები. ასევე, წმინდა სინოდის წევრები და თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები.

22 წუთიანი გამოსვლა მარგველაშვილმა ქართული ოცნების მიერ 2012 წლის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის შეჯამებით დაიწყო.

შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექვსი წლის წინ, ქართული ოცნების გამარჯვება საქართველოსთვის „წინგადადგმული ნაბიჯი“ იყო. „ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია“, – განაცხადა მან.

შემდეგ მან განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერ 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმები განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში „იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო რიგითი ქართველის ყოფა“.

„6 წლის თავზე, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. სახელწიფო აღარ არის მოძალადე. ამ 6 წლის განმავლობაში, ჩვენ, სამწუხაროდ, შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს და საზოგადოებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა მოგვიანებით.

მან ასევე განაცხადა, რომ წინა ორი მთავრობის მსგავსად, ქვეყანა იმ ფაზაში შევიდა, „როდესაც ხელისუფლების ისეთი კონცენტრაცია ხდება, რაც საშიშია დემოკრატიისა და მმართველი პარტიისთვის“.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ შევიდეთ დრამატული ცვლილებების ეპოქაში. დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც მე თქვენ მოგახსენებდით. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ისტორიის მაგალითები და დღეს უნდა შევთავაზოთ ხალხს დემოკრატიული პროცესი და ეს უნდა ხდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე სხვა დონეებზე“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

საგარეო პოლიტიკა, თავდაცვის რეფორმები

ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 2012 წლის შემდეგ მიღწეულ „შთამბეჭდავ შედეგებს“ გაუსვა ხაზი და მათ შორის ასოცირების შეთანხმება/თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის ფორმატი დაასახელა.

მარგველაშვილი ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ ნაჩვენებ პროგრესსაც შეეხო. მან განაცხადა, რომ ქვეყანა ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ასპირანტ ქვეყნად რჩება და დასძინა, რომ „დრამატულად გაიზარდა ნატოს წვრთნები საქართველოში“.

„გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის რეფორმები, რომელიც თავდაცვის მიმართულებით საქართველოში ხორციელდება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს“, – განაცხადა მან.

„სწორი იქნება თავდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმების მასშტაბის გაზრდა და შესაბამისად, დაფინანსების გაზრდა, რაც ნამდვილად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა „ეფექტიანია“, მათ შორის, თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში. „იწყება მოლაპარაკებები და შეიძლება სერიოზულად გაღრმავდეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ამ თვალსაზრისით, მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორების და მათი ინეტერსების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში“.

პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ქართული ოცნების მთავრობამ მისი ზოგიერთი ინიციატივა არ გაითვალისწინა, მათ შორის, საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება აშშ-ის კონგრესის მიერ და შეერთებულ შტატებთან საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივა.

რუსეთი, ოკუპირებული რეგიონები, უსაფრთხოება

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რუსეთს დიდი დრო დაუთმო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატია „ნამდვილად წარმატებული“ იყო მოსკოვთან ურთიერთობების საკითხებში. „მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასა და, ასე ვთქვათ, გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა „სწორი და ადეკვატურია, რადგან ერთერთი მთავარი მიზანია – „არ წამოვეგოთ პროვოკაციას და რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება, არ მივცეთ შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“.

„ამიტომ ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მე მიმაჩნია, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორია. მაგრამ ამ ახალ ფაზაში, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს მოტივაცია-პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, ჩვენი, ყველას გაერთიანებისა, იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჩვენი სამშობლოს მთლიანობის, ერთიანობის დაცვა ჰქვია“, – განაცხადა მან.

„ამ ფონზე, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით. რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც სჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც 2015 წელს მე გამოვაცხადე დისკუსიები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით და ყველა პარტია, ყველა ინტერესჯგუფი მოვიდა და ყველასთან მქონდა შესაძლებლობა დიალოგი მეწარმოებინა და ,ქართულმა ოცნებამ’ ამ დიალოგს ზურგი შეაქცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „საერთოდ იგნორირება და ზურგის შექცევა ისეთი თემების მიმართ, რომელიც ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელშიც განსხვავებული პოზიცია არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, არასწორია“. „საერთოდ იგნორირებისა და ინსტიტუტების შესუსტების პოლიტიკა, ჩემი აზრით, კონკრეტულ პოლიტიკოსებს კი არა, ქვეყანას ასუსტებს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

დემოკრატია, მედია, საკონსტიტუციო რეფორმა

მარგველაშვილმა, რომელსაც მმართველ პარტიასთან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა „შეასუსტა ქვეყნის დემოკრატიაც და ინსტიტუტებიც“.

პრეზიდენტმა ქართული ოცნება იმ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებდა. პრეზიდენტი ასევე კრიტიკული იყო „მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ“, საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების და სრული პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლისთვის გადადების საკითხთან მიმართებითაც.

მან ხელისუფლება 2016 წელს პოლიტიკური პარტიების „მიზანმიმართულ შესუსტებაში“ დაადანაშაულა. „ამ პერიოდის განმავლობაში, არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არცერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით“, – განაცხადა მან.

თუმცა, პრეზიდენტმა ქართული ოცნების მთავრობა იმის გამო შეაქო, რომ „ამ წლების განმავლობაში, ნამდვილად შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული“. „პოზიტიური ცვლილებები ხდება, როგორც პენიტენციური სისტემის, ისე სისხლის სამართლებრივი დევნის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

თუმცა, მისი თქმით, რეფორმები უფრო ყოვლისმომცველი უნდა ყოფილიყო. „სამართალდამცველი სისტემა უნდა დაცლილიყო იმ პიროვნებებისგან, რომლებიც ასოცირებულები არიან (და ამაზე კითხვის ნიშანი არ იბადება) იმ ძალადობასთან, რომელიც მანადე ხდებოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ჩვენ ეს მიზანი, მისია და ეს მანდატი გვქონდა, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას, რომ ეს ძალადობა შეცვლილიყო, და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალადობა არ ხორციელდება, ეს ინდივიდები მაინც რჩებიან და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა“, – დასძინა მან.

პრეზიდენტი მარგველაშვილი სასამართლო რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ბოლო დანიშვნებითა და გადაწყვეტილებებით რეფორმების პროცესი უვადოდ გადადო.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მედია უფრო თავისუფალია, ვიდრე ის 2012 წლამდე იყო, მაგრამ დასძინა, რომ „რაღაც ტიპის არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება“.

„ჰკითხეთ  მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს – ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე“, – განაცხადა მან.

ეკონომიკა, უმუშევრობა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ საგარეო ვაჭრობაში „შთამბეჭდავ შედეგებს“ მიაღწია. „რეალურად, ვიწყებდით მაშინ, როგორც ქვეყანა, რომელსაც დაახლოებით, 200 მილიონიან ბაზართან ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობა და დღეს საქართველოს 2 მილიარდიან ბაზარზე შეუძლია თავისუფალი ვაჭრობით გაიტანოს თავისი პროდუქცია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ბიზნესი უფრო თავისუფალია, ვიდრე 2012 წლამდე იყო. „ბიზნესის მიმართულებითაც ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა მან და მთავრობის საგადასახადო რეფორმას, ასევე სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას მიესალმა.

თუმცა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ  სოციალური თანასწორობის მიმართულებით, ქართული ოცნების მიზანი „სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული“. მისი თქმით, უმუშევრობა კვლავ პრობლემად რჩება. „დღეს, ჩვენ, დასაქმების თვალსაზრისით, ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად, არ დაკარგონ სამსახური და ყოველდღე გადიან იქ, სადაც სიკვდილი ემუქრებათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: ინგლისური რუსული

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.