ფოტოგალერეა

თსუ ურთიერთსაწინააღმდეგო აქციებმა მოიცვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) პროტესტის მეხუთე დღეს, 14 მარტს, მიმდინარე აქციის პარალელურად, რომელსაც „მეამბოხე სტუდენტების“ სახელით ცნობილი ჯგუფი მართავდა, რომლებიც საკუთარ თავს „დამოუკიდებელ სტუდენტებს“ უწოდებენ, ასევე გაიმართა კონტრაქცია სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით. ორი აქციის მონაწილეებს შორის თსუ–ს დაცვის სამსახური და პოლიცია იდგა. „მეამბოხე სტუდენტებმა“, რომლებიც 10 მარტიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, 14 მარტს უპირატესობა მოიპოვეს მას შემდეგ, რაც კანცლერობის კანდიდატს გიორგი გაფრინდაშვილს, რომელსაც სტუდენტური თვითმმართველობა უჭერდა მხარს, საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოუწია „მეამბოხე სტუდენტების“ ზეწოლის შედეგად. ამ ნაბიჯამდე სამი დღით ადრე პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თხოვა გაფრინდაშვილს, რომ მოეხსნა კანდიდატურა – ეს მოწოდება სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ გააკრიტიკა, როგორც უნივერსიტეტის საქმეებში არასათანადო ჩარევა. „მეამბოხე სტუდენტები“, რომლებიც საპროტესტო აქციას განაგრძობენ, ასევე ითხოვენ სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას და მას, სხვა საკითხებთან ერთად, ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაშიც ადანაშაულებენ. სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ და მისმა მხარდამჭერებმა 14 მარტს კონტრაქცია მოაწყვეს და თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოითხოვეს, რომელიც, მათი თქმით, კრიზისს არასწორად მართავს და ასევე  „მეამბოხე სტუდენტებს“ ფარულად უჭერდა მხარს, რათა გაფრინდაშვილი კანცლერობის კანდიდატობიდან ჩამოეშორებინათ. 15 მარტს ორივე ჯგუფი საპროტესტო აქციას აგრძელებს.

მსგავსი/Related

Back to top button