Placeholder canvas
ახალი ამბები

„მინდა ვენდო სასამართლოს“ – არასამთავრობოები ახალ კამპანიას იწყებენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, დღეიდან ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით – „მინდა ვენდო სასამართლოს“, რათა სასამართლოს სისტემაში „რეალური რეფორმები“ განხორციელდეს. 

დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, კოალიციის წევრები მმართველი პარტიის მხრიდან „არასათანადო პოლიტიკურ ნებაზე“ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მართლმსაჯულების სექტორში „სამ ტალღად” განხორციელებულმა რეფორმებმა სისტემის რეალურად გაჯანსაღების მიზანს ვერ მიაღწია. მათი თქმით, „ამის ძირითადი მიზეზი არასრულფასოვანი, დაგვიანებული და, ხშირ შემთხვევაში, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს მორგებული საკანონმდებლო ცვლილებებია“.

არასამთავრობოები ერთ-ერთ „მთავარ გამოწვევად“ სასამართლო სისტემაში არსებულ „კლანურ მმართველობას“ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, „მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის თითოეულ ეტაპზე, რჩება განცდა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გავლენიანი ჯგუფის მიმართ კანდიდატების ლოიალობას და სავარაუდო  ნეპოტიზმს ეფუძნება“. კოალიციის წევრები ასევე გამოთქვამენ ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის უფლებამოსილებებს და საკანონმდებლო ხარვეზებს იყენებს იმისათვის, რომ სასამართლო სისტემიდან „განსხვავებული აზრის მქონე“ მოსამართლეები „განდევნოს“.

კოალიციის წევრების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაგრძნობს „გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი“ გადაწყვეტილებების საფუძველზე მოსამართლეთა დანიშვნის „მანკიერ პრაქტიკას“. ამ კონტექსტში, არასამთავრობოები ყურადღებას ამახვილებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, რომლითაც მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნენ ისეთი პირები, ვის მიმართაც „საზოგადოებაში არსებობდა მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება წარსულში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო“. 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წელს შეიქმნა. მასში შედიან კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სხვა ორგანიზაციები.

მსგავსი/Related

Back to top button