ახალი ამბები

აშშ ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოთქვამს ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 22 თებერვალს დააკავეს და იმყოფებოდა პატიმრობაში ცხინვალში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში 26 თებერვალს.

საელჩომ მიუსამძიმრა ტატუნაშვილის ოჯახს და მოუწოდა „პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რუს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დე-ფაქტო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ“.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისათვის დაზარალებულ რეგიონში“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

საელჩომ კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების დასასრულს აშშ-ის საელჩომ განმეორებით მოუწოდა, რომ „აღსრულდეს მართლმსაჯულება 2016 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე“.

მსგავსი/Related

Back to top button