ახალი ამბები

რუსეთში ტატუნაშვილის ცხედრის „ექსპერტიზის“ დასრულებამდე ცხინვალი მის გადმოცემაზე უარს აცხადებს


მურატ ჯიოევი, 26 თებერვალი, 2018. ფოტო: კადრი TV Ir-ის ვიდეომასალიდან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა,  განაცხადა 26 თებერვალს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რომელიც 22 თებერვალს ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა, მის ოჯახს მანამდე არ გადაეცემა, სანამ რუსეთში ოსური მხარის მიერ გადაცემული გვამის გაკვეთის მასალების „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ არ ჩატარდება. 

ჯიოევმა კვლავ გაიმეორა ცხინვალის უშიშროების სამსახურის ვერსია, რომ 35 წლის ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი თქმით, „იმისათვის, რომ ჩვენი დასკვნები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადასტურონ, მასალები დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის გადავაგზავნეთ“, რომელიც რუსეთში ჩატარდება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადმოყვანილი ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დასძინა ჯიოევმა.

რაც შეეხება საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე დააკავა 22 თებერვალს, ჯიოევმა განაცხადა, რომ ისინი გაათავისუფლეს და ამჟამად ახალგორში იმყოფებიან, მაგრამ „ვინაიდან საგამოძიებო სტრუქტურებს შესაძლოა მათთან გარკვეული კითხვები კიდევ ქონდეთ, ისინი დროებით რესპუბლიკაში [ცხინვალის რეგიონში] დარჩებიან“. ჯიოევმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს მოგვიანებით გაუშვებენ.


არჩილ ტატუნაშვილის ნათესავი დევნილთა მინისტრს, სოზარ სუბარს, და პარლამენტის წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს. ფოტო: Civil.ge / იანა ყორბეზაშვილი

იმავდროულად, დაახლოებით 500 აქტივისტი, რომლებიც ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდიან, და ტატუნაშვილის ნათესავები 26 თებერვალს საღამოს სოფელ ნატახტარში შეიკრიბდნენ და საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი სამხედრო გზა გადაკეტეს. 

აქციას წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადება, რომლის თანახმადაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე და ამის მიზეზად გვამის შემდგომი ექსპერტიზა დაასახელა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება წარუმატებლობაში დაადანაშაულეს და ცხედრის გადმოსაცემად ხელისუფლების 27 თებერვლის შუადღემდე მისცეს ვადა. მოგვიანებით მათ ახლომდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი გადაკეტეს.

აქცია დაახლოებით 23:00 საათისთვის, ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის თხოვნით დასრულდა, რომელიც მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ერთ-ერთმა ნათესავმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, აქცია 28 თებერვალს განახლდება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა.  ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგებით, ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა“.  ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების ძალებმა წამებით მოკლეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button