ახალი ამბები

არასამთავრობოები აფგან მუხთარლის საქმეზე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, ეფექტურად გამოიძიოს გასული წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, თბილისიდან სავარაუდო გატაცების ფაქტი.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შორისაც კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვა ორგანიზაციები არიან, მოითხოვენ ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ადგილიდან და სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ამოღებული ვიდეო-მასალის გასაჯაროებას, ასევე – მუხთარლისთვის და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რათა მათ საქმის მასალებზე წვდომის საშუალება მიეცეთ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიება, რომელიც ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მულის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, უნდა წარმოებდეს ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა დამამძიმებელ გარემოებებში), ასევე 154-ე მუხლით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა). 

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის თაობაზე  მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობის საკითხი“, მაშინ როდესაც დაპატიმრებული ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ის ქართულად მოსაუბრე პოლიციის ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს.

არასამთავრობოების თქმით, მომხდარის შესახებ დეტალური განმარტებების არარსებობა „კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ“. მათივე განცხადებით, საქმის არაეფექტური გამოძიება საფრთხეს უქმნის „საქართველოს დემოკრატიის იმიჯს“, რაც საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებშიც აისახება.

აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 12 იანვარს გამოიტანა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, რომლებმაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მისი სავარაუდო გატაცების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

მსგავსი/Related

Back to top button