skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

36-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 16 იანვარს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მიესალმება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას კანონპროექტზე ვეტოს დადების თაობაზე და მოუწოდებს პარლამენტს, რომ მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის შენიშვნებს.

„ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი კანონი „მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს.  ასევე, დააზარალებს კერძო მაუწყებელებს და ზოგადად ქართულ მედიაგარემოს“.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო… და კანონში ცვლილებები იმ ფორმით მიიღოს, რომ ზიანი არ მიადგეს მედიაგარემოს და შესაბამისობაში იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გასულ თვეს მიიღო და რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო გუშინ დაადო, საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში მეტ თავისუფლებას და კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსვლების მიღების შესაძლებლობას ანიჭებს. კანონპროექტი უკვე გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო მაუწყებლების მწვავე კრიტიკის საგანი.

მსგავსი/Related

Back to top button