ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დანიელი კარიერული დიპლომატი ერიკ ჰოგი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა.

ერიკ ჰოგს, 2015 წლის აპრილში სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებამდე, დანიის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. მან ამ პოსტზე ლიტველი კესტუტის იანკაუსკასი შეცვალა, რომელიც სადამკვირვებლო მისიას 2014 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ადგილზე უსაფრთხო და სტაბილური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. 300-ზე მეტი თანამშრომლით იგი რეგიონში სტაბილურობის ხელშემწყობ ევროკავშირის მტკიცე ვალდებულებას წარმოადგენს. მე თავს ნამდვილად პრივილეგირებულად ვგრძნობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად რომ დავინიშნე. მისიის წარმატებული მუშაობის გასაგრძელებლად ყველაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა ერიკ ჰოგმა.

ჰოგის დანიშვნის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ 19 დეკემბერს იქნა მიღებული.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის მანდატით შეიქმნა, საქართველოში შეუიარაღებელი დამკვირვებლები ჰყავს. ევროკავშირის დამკვირვებლებს დღემდე არ აძლევენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლებას.

მსგავსი/Related

Back to top button