ახალი ამბები

საარჩევნო ხმების დათვლა მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში სულ 1 569 992 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45.64%-ია.

ამომრჩეველთა აქტივობა უფრო მაღალი იყო 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, რომელშიც მონაწილეობა ამომრჩეველთა 43.31%-მა მიიღო.

ყველაზე მაღალი აქტივობა 20 საათისთვის რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 60.2% მივიდა. შემდეგ მოდის გურია – 58.5%, სამცხე-ჯავახეთი – 55%, კახეთი – 48.1%, მცხეთა-მთიანეთში – 48.1%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 47.3%, იმერეთი – 46.5%, აჭარა – 45% და შიდა ქართლი 41.2%.

20 საათისთვის, აქტივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 40.7% მივიდა.

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.4% იყო. თბილისის საარჩევნო ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკის ოლქში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 48.57% მივიდა. შემდეგ მოდის მთაწმინდის და დიდუბის ოლქები, თანაბრად, 48.42%-ით. ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია, სადაც ხმა ამომრჩეველთა 38%-მა მისცა.

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებით, ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება და მისი თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობენ.

 

მსგავსი/Related

Back to top button